ახალი ამბები

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების საბჭოს მეოთხე შეხვედრა გამართეს


ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეოთხე შეხვედრა, 5 თებერვალი, 2018. ფოტო: gov.ge 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეოთხე შეხვედრა 5 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა, სადაც „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში გასული წლიდან მიღწეული პროგრესი და უფრო ძლიერი ურთიერთობების განვითარება შეფასდა“, ნათქვამია ევროკავშირის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

საბჭოს, რომელიც ერთობლივ ორგანოს წარმოადგენს და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი, თავმჯდომარეობდა.

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს და ჩვენი თანამშრომლობაც კარგად მიდის“, – განაცხადა მოგერინიმ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ „მეგობრობის ძალიან ინტენსიური ხუთი წელი გავიდა, რა დროსაც ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობას და ვიზალიბერალიზაციას ჩაეყარა საფუძველი“.

„დღეს რამდენიმე კონკრეტული იდეა განვიხილეთ და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ევროკავშირი მზად არის სრულად შეისწავლოს ჩვენი პარტნიორობის და მეგობრობის სრული პოტენციალი“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ „ჩვენ მზად ვართ და გვაქვს დიდი მოტივაცია, სრულად გამოვიყენოთ არსებული სამუშაო ჩარჩოების პოტენციალი და, ამავე დროს, მოვსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს“. 

„ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ საგზაო რუკაზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ასოცირების საბჭომ „დადებითად შეაფასა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში 2016 წლის დეკემბრის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი“. მან ასევე აღიარა „საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური და აყვავებული ქვეყნის მშენებლობა“.

პრესრელიზის თანაზმად, ასოცირების საბჭო „მიესალმა საკონსტიტუციო რეფორმის მიღებას და ვენეციის კომისიის დადებით მოსაზრებას, რომელმაც ის შეაფასა როგორც საპარლამენტო სისტემისკენ საქართველოს განვითარების დასრულება“.  

მან ასევე „მოუწოდა ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ ერთად იმუშავონ და კვლავაც აწარმოონ დიალოგი, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია მოახდინონ და რეფორმების შემდგომ განხორციელებას შეუწყონ ხელი“.

ასოცირების საბჭო „მიესალმა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მართლმსაჯულების სისტემაში ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების საქმეში მიაღწია“ და დარჩენილ გამოწვევებთან გამკლავების და მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და „მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვით“.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა, სადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი „ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას დაიწყებს“.

მსგავსი/Related

Back to top button