skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები ხელისუფლებას ნატოსა და ევროკავშირთან სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობას სთავაზობენ

თხუთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც გაერთიანებული არიან კოალიციაში ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის, 5 თებერვალს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთება გამოხატა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობის კლების გამო და მოუწოდება ხელისუფლებას, რომ ინსტიტუციური მექანიზმი ჩამოაყალიბოს სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით ხელისუფლების საქმიანობის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის.

განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს, 2017 წლის ივნისში არსებული 62%-დან 2017 წლის დეკემბერში 60%-მდე შემცირდა, ხოლო იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეები არიან, 2017 წლის ივნისში არსებული 23%-დან 2017 წლის დეკემბერში 29%-მდე გაიზარდა.

„მიგვაჩნია, რომ ამ მაჩვენებლების დინამიკა ძალიან შემაშფოთებელია და მოწმობს საქართველოს ხელისუფლების ევროინტეგრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის  არაფექტურობაზე და ხშირ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, საზოგადოებასთან, ასევე ევროსტრუქტურებთან არაეფექტურია“.

ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ „პოზიტიურად უნდა შეფასდეს 2017 წლის 13 აპრილს, მთავრობის მიერ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“ დამტკიცება“, თუმცა იქვე დასძინეს, რომ მისი სამოქმედო გეგმები „ვერ პასუხობენ ჰიბრიდული და კერძოდ, საინფორმაციო ომის მზარდ გამოწვევებს“.

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაში სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის, აღსრულებისა და კოორდინაციის პროცესის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა და მათი  ეფექტურად ამუშავებისათვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა რგოლი,  სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტული წრეები, რამდენადაც ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულ დონეზე ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის და მისი სტრატეგიული კომუნიკაციის წარმატებისთვის. კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის მზადაა ამ საკითხებზე  ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button