skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7.25%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7.25%-ზე დატოვა მას შემდეგ, რაც წინა თვეში ის 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა.
 
31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ბანკმა აღნიშნა, რომ „2017 წლის ბოლოს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი საგრძნობლად გაუფასურდა, რამაც გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე და ხელი შეუწყო ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებას“.

ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ლარის ბოლოდროინდელი გამყარებისა, წინა პერიოდის გაუფასურების გავლენა ინფლაციაზე ჯერ სრულად არ ამოწურულა.

„არსებული პროგნოზით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის პირველი თვეების განმავლობაში შემცირდება და წლის განმავლობაში საშუალოდ მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი  ეტაპობრივად, 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან წლის ბოლოსთვის 8%–მდე გაიზარდა.

2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო და სექტემბრიდან 2017 წლის იანვრამდე 6,5%-ზე უცვლელად რჩებოდა. 25 იანვარს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,75%-მდე, ხოლო 2 მაისს 7%-მდე გაზარდა. 14 ივნისს, 26 ივლისს და 25 ოქტომბერს გამართულ სხდომებზე ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. 13 დეკემბრის სხდომაზე კი განაკვეთი 7.25%-მდე გაიზარდა.   

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 14 მარტს გაიმართება.
 

მსგავსი/Related

Back to top button