ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო კარასინის განცხადებას პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ 25 იანვარს თავისი რუსი კოლეგის გრიგორი კარასინის მიერ გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ რუსეთი არ იტყვის ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, და ასევე საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებულ შეთანხმებაზე ვაჭრობის მონიტორინგის თაობაზე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კარასინი „კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის პოლიტიკას, უგულებელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და თავი აარიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას“ და ხაზს უსვამს, რომ „რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო ოკუპაციას, უკანონო მილიტარიზაციას, რითაც ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში, და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს“.

საგარეო უწყების განცხადება ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმებასაც ეხება.

ინტერვიუში, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა, კარასინი აცხადხებს, რომ 2011 წლის შეთანხმებით საქართველომ აღიარა, რომ მისი „საბაჟო საზღვარი“ იწყება „მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორია იწყება) და მთავრდება გორის მიმდებარე ტერიტორიით (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მახლობლად)“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ „ყოვლად მიუღებელია „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ საქართველო-რუსეთის 2011 წლის ხელშეკრულების დებულებების არასწორი ინტერპრეტირება, მისი პოლიტიზირება და იმპლემენტაციის ხელის შეშლა“.  

„რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით, მოსკოვმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სავაჭრო მონაცემების გამჭვირვალობა, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების შესაბამისად. საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა 2011 წელს შეთანხმდნენ, დაეარსებინათ წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმი. შეთანხმების შესაბამისად, ამ ვაჭრობის კოტროლი და ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ტერმინალებში, რომლებიც მდებარეობენ სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში და შესასვლელში“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საბაჟო სივრცე „მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული ტერმინალების ადგილმდებარეობა ვერანაირად ვერ განსაზღვრავს ქვეყნის საბაჟო სივრცეს“.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მზადყოფნა, რომ ამ შეთანხმების განხორციელება დაეწყო „ნათლად დადასტურდა 2017 წლის 19 დეკემბერს შვეიცარიულ კომპანია Societe Generale de Surveillance-თან სათანადო კონტრაქტის გაფორმებით“. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა 2011 წლის შეთანხმებით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დაწყება, ვინაიდან „რუსეთის მხარე აჭიანურებს შესაბამისი კონტრაქტის ხელმოწერას შვეიცარულ კომპანიასთან, ახდენს საკითხის აშკარა პოლიტიზირებას და შეთანხმების დებულებების მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციით აფერხებს იმპლემენტაციის პროცესის დაწყებას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს, რომ „შეწყვიტოს საკითხის პოლიტიზირება და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას, საერთაშორისო შეთანხმებისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების, პრინციპებისა და ნორმების სრული შესაბამისობით“.

 

მსგავსი/Related

Back to top button