ახალი ამბები

ხაჯიმბა ლუკავას საქმეზე კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 6 იანვარს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის აპირებს სოხუმის პარლამენტთან მუშაობას, რათა „უმოკლეს დროში“ საკონსტიტუციო სასამართლოს მეხუთე და ბოლო მოსამართლე წარადგინოს. 

განცხადება გალის რაიონის მკვიდრის, გიორგი ლუკავას საქმეზე ოკუპირებული რეგიონის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილების საპასუხოდ გამოქვეყნდა. ლუკავას გათავისუფლებას სოხუმი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი მოყვა.

კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც აფხაზეთის პარლამენტმა 5 იანვარს დაამტკიცა, ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს სრულად დაკომპლექტებას და მისთვის ლუკავას გათავისუფლების მასალების გადაცემას, რათა სასამართლომ ხაჯიმბას მიერ პატიმრის შეწყალების კანონიერებაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

კომისიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც „შეზღუდავს შეწყალებას იმ პირთათვის, რომელთაც აფხაზეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი“, ასევე ურჩია ხაჯიმბას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეწყალების საქმის განხილვამდე უფლებამოსილება შეუჩეროს თავისი ადმინისტრაციის უფროსს.

6 იანვრის განცხადებაში ხაჯიმბა ეთანხმება მომავალ კანონპროექტს, რომელიც მძიმე დანაშაულების შემთხვევაში რეგიონის ლიდერის მიერ შეწყალების უფლებას ზღუდავს, თუმცა იგი არ ეთანხმება რეკომენდაციას ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

სამმა ოპოზიციურმა დეპუტატმა – ბატალ ტაბაღუამ, ბატალ აიბამ და ასლან ბჟანიამ არ დაუჭირეს მხარი კომისიის გადაწყვეტილებას საქმის მასალების სრულად  დაუკომპლექტებელი სასამართლოსთვის გადაცემის თაობაზე და სანაცვლოდ უზენაესი სასამართლოს ჩართვა მოითხოვეს. მიუხედავად მათი პროტესტისა გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული; ტაბაღუამ და აიბამ მის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

5 იანვარს, კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, ხაჯიმბა პარლამენტში მივიდა, მოგვიანებით კი პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს მიმართა. რეგიონის ლიდერმა განაცხადა, რომ ლუკავას გათავისუფლება „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ იყო, რომლის მიზანიც ცხინვალის ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინება იყო პატიმმართა გაცვლის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში.

ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 4 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაადასტურა, რომ სოხუმის ქმედებები პატიმრების გათავისუფლების კუთხით ცხინვალის ინტერესების შესაბამისად განხორციელდა; მან იმედი გამოთქვა, რომ „მოძმე ოსი ხალხის დახმარება, რომელიც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას კეთილ პოლიტიკურ ნებაში გამოიხატა, არ გახდება აფხაზეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი“.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის წინ 5 იანვრის ღამემდე რჩებოდნენ, არ მოეწონათ კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ხაჯიმბას ქმედებების საბოლოო შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს დაევალა. თუმცა, რამდენიმე დეპუტატმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა; მათ შორის იყვნენ პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჭია და სოხუმის ყოფილი ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი.

ოკუპირებული რეგიონის კონსტიტუციის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ ხაჯიმბას გადაწყვეტილება ლუკავას შეწყალების თაობაზე უკანონო იყო, პარლამენტს შეუძლია მას ხმების ორი მესამედით იმპიჩმენტი გამოუცხადოს. თუმცა, 35-წევრიან პარლამენტში უმრავლესობას ხაჯიმბას მომხრეები წარმოადგენენ.

მსგავსი/Related

Back to top button