skip to content
ახალი ამბები

საარჩევნო პერიოდში მმართველმა პარტიამ შემოწირულობის 91% მიიღო


პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობა, 1 ივლისი – 1 ნოემბერი, 2017.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის თანახმად, 1 ივლისიდან  1 ნოემბრამდე პერიოდში, თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირებულმა 63-მა საარჩევნო სუბიექტმა ფულადი შემოწირულობის სახით 15.33 მლნ ლარზე მეტის მობილიზება შეძლო. აქედან 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ 15.13 მლნ ლარი, ხოლო მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის 48 დამოუკიდებელმა კანდიდატმა 200 778 ლარი მიიღო. 

ოთხი თვის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიღებული ფულადი შემოწირულობის მიხედვით, წინა ანგარიშის მსგავსად, კვლავ ქართული ოცნება ლიდერობს. მან 13.8 მლნ ლარი მიიღო, რაც პარტიებისათვის გაღებული ფულადი შემოწირულობის 91%-ს აჭარბებს. შემდეგ მოდის ევროპული საქართველო 951 833 ლარით, რაც საერთო მაჩვენებლის 6.3%-ს შეადგენს. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე 114 990 ლარი მიიღო. პატრიოტთა ალიანსის მიერ მიღებული შემოწირულობა კი –  66 392 ლარს შეადგენს. სამოქალაქო პლატფორმა-ახალ საქართველოს – 59 600 ლარი, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველოს – 40 399 ლარი, ეროვნული ფორუმს (შენების მოძრაობას) 39 182 ლარი, ლეიბორისტული პარტიას – 23 196 ლარი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიას კი 12 204 ლარი შესწირეს. დანარჩენმა ექვსმა პარტიამ კი ჯამში 13 843 ლარი მიიღო.

თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრირებული დამოუკიდებელი კანდიდატებიდან, ოთხ თვეში ყველაზე მეტი ფულადი შემოწირულობა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა – ალეკო ელისაშვილმა მიიღო. მას 89 554 ლარი შესწირეს, რაც დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მობილიზებული ფულადი შემოწირულობის 44%-ია. შემდეგ მოდის ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა, რომელმაც 50 150 ლარი მიიღო, რაც საერთო მაჩვენებლის 25%-ია. სამგორის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, გულო ზუმბაძემ კი – 25 400 ლარი (13%) მიიღო.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის შესაბამისად, კვალიფიციური პარტიები, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე (დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკში მონაწილეობით) ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტი მიიღეს, უფლებამოსილნი არიან, ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებთან ერთად, საბიუჯეტო დაფინანსებაც მიიღონ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, 14-მა კვალიფიციურმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.9 მლნ ლარი მიიღო. 

საბიუჯეტო დაფინანსების მაჩვენებლით, პარტიებს შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს. მან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში 1 მლნ ლარზე ოდნავ მეტი მიიღო. შემდეგ მოდიან ქართული ოცნება – 925 465 ლარით, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა – 675 055 ლარით, ევროპული საქართველო – 626 810 ლარით, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო – 623 892 ლარით, პატრიოტთა ალიანსი – 576 131 ლარით და ლეიბორისტული პარტია 508 481 ლარით. დანარჩენი 7 კვალიფიციური პარტიის დაფინანსება თითქმის თანაბარია და 399 000 ლარიდან – 445 000 ლარამდე მერყეობს. 

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, პოლიტიკური პარტიების ჯამურმა შემოსავალმა (საბიუჯეტო დაფინანსების, ფულადი და არაფულადი შემოწირულობის ჩათვლით) 18 მლნ ლარს გადააჭარბა. აქედან, 9.85 მლნ ლარი – ქართულმა ოცნებამ, 1.46 მლნ ლარი – ევროპულმა საქართველომ, 1.28 მლნ ლარი – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, 675 555 ლარი – გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ, 660 256 ლარი – დემოკრატიულმა მოძრაობამ- ერთიანმა საქართველომ, 642 673 ლარი – პატრიოტთა ალიანსმა, 531 674 ლარი – ლეიბორისტულმა პარტიამ, 491 293 ლარი – სამოქალაქო პლატფორმა-ახალმა საქართველომ, 480 490 ლარი  – ეროვნულმა ფორუმმა (შენების მოძრაობამ), 440 099 ლარი კი – რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო.

მსგავსი/Related

Back to top button