skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა

საქართველოს პარლამენტმა 3 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, საკომიტეტო მოსმენებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოს 30 ოქტომბერს წარუდგინა.

გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, საბიუჯეტო შემოსავლები 95 მლნ ლარით იზრდება და 10.215 მლრდ ლარს შეადგენს. სულ, საბიუჯეტო შემოსულობები 12.393 მლრდ ლარით განისაზღვრება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა იზრდება 27.6 მლნ ლარით და 9.532 მლრდ ლარს შეადგენს. საბიუჯეტო ასიგნებები მთლიანობაში გაზრდილია 38.8 მლნ ლარით და 12.403 მლრდ ლარით განისაზღვრება. 2017 წლის საბიუჯეტო ასიგნებები 11.415 მლრდ ლარს შეადგენდა. 

2018 წლის პირველად ვარიანტთან შედარებით, საბიუჯეტო დაფინანსების ზრდა ძირითადად 7 სამინისტროს შეეხო

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2018 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით 14.5 მლნ ლარით მეტს მიიღებს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, თეატრების და მუზეუმების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება. 10 მლნ ლარით მეტს მიიღებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გაზრდილი დაფინანსება მავნებელ მწერთან, აზიურ ფაროსანასთან, ბრძოლისთვისაა გათვალისწინებული და ჯამურად ამ მიმართულებით 14 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.

4 მლნ ლარით იზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი. ასევე, სამ-სამი მილიონი ლარი ემატება განათლების, სპორტისა და გარემოს დაცვის სამინისტროების დაფინანსებას. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება კი, რომელიც საბიუჯეტო ასიგნებების თითქმის მესამედს შეადგენს, 1 მლნ ლარით იზრდება. 

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის სხვა პარამეტრები უცვლელი რჩება. მომავალი წლისთვის, მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5%-ით ზრდას პროგნოზირებს, ინფლაციის მაჩვენებელი კი 3.5%-ის ფარგლებში განისაზღვრება. 

2017 წელთან შედარებით, მკვეთრად (574.5 მლნ ლარით) იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, რომელიც მომავალი წლისათვის 1.832 მლრდ ლარს შეადგენს. 

საკომიტეტო განხილვების მსგავსად, საპარლამენტო ოპოზიციამ ბიუჯეტის პროექტი კვლავ იმის გამო გააკრიტიკა, რომ მომავალ წელს პენსიებისა და სოციალური დახმარების ზრდა გათვალისწინებული არ არის. 

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, რომელმაც პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, მთავრობას დაგეგმილი აქვს საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომლის ფარგლებში, „ინდექსაციის მეთოდით“, პენსია 2019 და 2020 წლებში 20-20 ლარით გაიზრდება. 

პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი 16 ნოემბრამდე თავის შენიშვნებს მიაწვდის მთავრობას, რომელიც ვალდებულია, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს 1 დეკემბრამდე წარუდგინოს. 

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დეკემბრის ბოლომდე მიიღებს.

მსგავსი/Related

Back to top button