skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი ახალ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ემზადება

საქართველოს პარლამენტი 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე მუშაობას იწყებს. შესაბამისი კანონპროექტი ინიცირებულია 2 ნოემბერს, პარლამენტის 116 წევრის მიერ, და მიზნად ისახავს ახალ კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის ცალკეული რეკომენდაციების ასახვას.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება. ასევე, გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც პარლამენტში გაუნაწილებელ მანდატებს საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებს. 

გარდა ამისა, დაზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები, საიდანაც ამოღებული იქნება „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“. 

ამასთან ერთად, ცვლილებები შევა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებში, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის კონსტიტუციურობის განხილვას ეხება. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება არაკონსტიტუციურად სცნოს არჩევნებამდე 15-თვიან პერიოდში მიღებული საარჩევნო ნორმები, ნაცვლად 12-თვიანი პერიოდისა, როგორც ამას ახალი კონსტიტუციის არსებული რედაქცია ითვალისწინებს. გარდა ამისა, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს. 

ახალ კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილებების შეტანის მიზნით, 2 ნოემბერს პარლამენტმა უკვე დაიწყო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცედურა, რისთვისაც ათკაციანი კომისია შეიქმნა. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უხელმძღვანელებს. საპარლამენტო ოპოზიციიდან კი, კომისიის მუშაობაში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ჩაერთვება. 

სხვა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა – ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. 

„ახლა დამთავრდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი და იწყება ისევ კონსტიტუციის გადასინჯვა, რითაც ქართული ოცნება აღიარებს, რომ მიიღეს ცუდი კონსტიტუცია. ჩვენ ხელს შევუწყობდით კონსტიტუციის გაუმჯობესებას, რომ ამ გადასინჯვის პროცესში მზად იყოს ხელისუფლება და ქართული ოცნება იმაზე, რომ რეალური დიალოგი გაიმართოს იმ საკვანძო საკითხებზე, რასაც მთელი ოპოზიციური სპექტრი და მათ შორის ევროპული საქართველოც ვაყენებდით. ეს არის პროპორციული სისტემით 2020 წლის არჩევნების ჩატარება და ქართველი ხალხისთვის იმ უფლების დატოვება, რომ მან თავად აირჩიოს პრეზიდენტი,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს ვერც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე. 

„რომელი კომისია ყოფილა ისეთი, სადაც ოპოზიციის აზრი ყოფილიყოს გათვალისწინებული, თუნდაც, იგივე  წინა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას თუ გავიხსენებთ. აქ მონაწილეობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონსტიტუციას. ვენეციის კომისიის შენიშვნების  გასწორება, რომელიც ახლა ხდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა იქნა გასწორებული, ამიტომ ნაწილობრივ ცვლილებებს ჩვენ ვერ დავეთანხმებით და ვერ გავამართლებთ მთლიანობაში ამ უკიდურესად უარყოფით საკონსტიტუციო პროცესს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიცია „პოლიტიკური შოუს“ მოწყობაში დაადანაშაულა. 

„ვერ ვხვდები, ბლოკების არსებობა არ უნდათ 2020 წლისთვის? სამ პროცენტამდე დაშვება არ უნდათ ბარიერის? 2024 წელს პროპორციული სისტემა არ უნდათ? აი, რას ეწინააღმდეგებიან ეგ არის გაუგებარი. ამიტომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკურ შოუს სწორედ ოპოზიცია დგამს. სწორედ ოპოზიცია ვერ გადის თავისი ოპოზიციური დღის წესრიგიდან. არ შეუძლია თეთრზე თეთრის თქმა და შავზე შავის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ერთთვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ, პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე ცვლილებებს ორი მოსმენით მიიღებს. მესამე და საბოლოო მოსმენით კი, საკონსტიტუციო ცვლილებები 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდება.

ახალ კონსტიტუციაში საარჩევნო ბლოკებსა და ბონუსის სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანის სურვილი საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო რეფორმის დასკვნით ეტაპზე გამოთქვა, თუმცა საკუთარი ინიციატივით ამის გაკეთება ვერ შეძლო, რადგან ახალი კონსტიტუციის კანონპროექტში არსებითი ცვლილებების განხორციელების ვადა უკვე ამოწურული იყო. 

ქართული ოცნება მზად იყო ეს ცვლილებები დაემტკიცებინა იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას პარლამენტს განსახილველად უკან დაუბრუნებდა და თავის მოტივირებულ შენიშვნებში მხოლოდ  საარჩევნო ბლოკებისა და ბონუსის სისტემის საკითხებს ასახავდა. თუმცა მარგველაშვილმა, ამ საკითხებთან ერთად, მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის და 2020 წლიდან საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხებიც შეიტანა, რის გამოც ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციაც უცვლელად დამტკიცდა.  

ახალი კონსტიტუცია, პარლამენტის მიერ 2 ნოემბერს ინიცირებულ ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

მსგავსი/Related

Back to top button