skip to content
ახალი ამბები

საქართველო Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში


Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეა ვერხოვნა რადაში, 31 ოქტომბერი, 2017. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

Euronest-ის მე-6 საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრები ყოველწლიურად იკრიბებიან, რამდენიმე რეზოლუცია მიიღეს.   

იმ რეზოლუციებს შორის, რომლებიც Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეამ 30 ოქტომბერ – 1 ნოემბრის სხდომაზე მიიღო იყო რეზოლუციები სახელწოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ“ და „დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ყირიმის რეგიონებში, ასევე დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესების შესახებ“

პირველ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილებაა და კონტინენტის სტაბილურობის და მდგრადი განვითარების მთავარ ელემენტს წარმოადგენს“.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირის ზოგიერთი აღმოსავლელი პარტნიორის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის მოუგვარებელი რეგიონული კონფლიქტები, რომელთაც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ფედერაცია“ და რომ „რუსეთის აგრესიულ და ექსპანსიონისტურ პოლიტიკას პარტნიორი ქვეყნების მიმართ“ მოყვა „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსია, ასევე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ასევე დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთი რეგიონის უკანონო ოკუპაცია, რა დროსაც დაირღვა საერთაშორისო სამართალი და ორმხრივი შეთანხმებები, ასევე რუსეთის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების დროს აღებული ვალდებულებები“.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საპასუხოდ, Euronest-ი „ცალსახა და სტრატეგიული რეაგირებისკენ მოუწოდებს იმ შედეგებზე, რასაც რუსეთის მიერ პროვოცირებული რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია იწვევს“. იმავდროულად, მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.

რეზოლუცია იმის აღიარებისკენაც მოუწოდებს, რომ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან „არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს ევროკავშირთან მათ ურთიერთობებში“. დოკუმენტი ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფებების აღიარებასაც ითხოვს.

მეორე რეზოლუცია, რომელიც ასევე ადასტურებს მხარჭერას საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ სამი ქვეყნის რეგიონებში, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობს.   

Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სხდომა ბრიუსელში 2018 წელს გაიმართება, ხოლო 2019 წელს Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტი თბილისში უმასპინძლებს.

Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საპარლამენტო ფორუმს წარმოადგენს, 110 დეპუტატს აერთიანებს ევროპარლამენტიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

Euronest–ის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის 60 წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) 10 წევრია გაერთიანებული. 

მსგავსი/Related

Back to top button