Placeholder canvas
ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1 ნოემბერს თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული 943 423 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 411 847-მა მოქალაქემ მიიღო.

დედაქალაქის მერის არჩევნებში 204 061 ხმით (51.09%) ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ, გაიმარჯვა. მეორე ადგილზე, 69 803 ხმით (17.48%) დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა. მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, რომელმაც 66 259 ხმა (16.59%) მიიღო. ევროპული საქართველოს კანდიდატს, ელენე ხოშტარიას კი, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა, 28 411 ამომრჩეველი (7.11%) მიემხრო. 

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა 12 070 ხმა (3.02%) მიიღო; შემდეგ მოდიან ახალი საქართველოს კანდიდატი გიორგი ვაშაძე და დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს კანდიდატი კახა კუკავა, 7 800 ხმით (1.95%) და 5 005 ხმით (1.25%), შესაბამისად. ვერც ერთმა სხვა კანდიდატმა ხმების 1%-ზე მეტი ვერ მიიღო.

მერის არჩევნების მსგავსად, თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებშიც ქართული ოცნება ლიდერობს. მან 205 994 ხმა (53.15%) მიიღო და პროპორციული წესით ასარჩევი 25 სადეპუტატო მანდატიდან 15 მანდატი მოიპოვა. მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 68 432 ხმით (17.66%), რომელმაც 5 მანდატი მიიღო. ევროპულ საქართველოს, 35 586 ხმით (9.18%), 3 მანდატი ერგო, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა, 21 775 ხმით (5.62%), 2 მანდატის მოპოვება შეძლო.

საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები, 1 ნოემბერს, თბილისში მოქმედმა 10-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა. დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის განკუთვნილი 25-ვე მანდატი ქართულმა ოცნებამ მოიპოვა. შესაბამისად, 50-წევრიან საკრებულოში, მმართველ პარტიას 40 დეპუტატი ეყოლება. 

1 ნოემბერს შემაჯამებელი სხდომები საქართველოს რეგიონებში მოქმედმა 63-მა საოლქო საარჩევნო კომისიამაც გამართა. 

მათი შემაჯამებელი ოქმები ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება. წინასწარი მონაცემებით კი, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge, საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში, ყველა საარჩევნო ოლქში ქართული ოცნება ლიდერობს. პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დაბალი მხარდაჭერა მმართველ პარტიას მარტვილის მუნიციპალიტეტში აქვს, სადაც მან ხმათა 40.08% მიიღო. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი საჩხერის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც ქართულმა ოცნებამ ხმათა 82.26% მიიღო.

64 მუნიციპალიტეტიდან, მმართველი პარტიის კანდიდატები მერის არჩევნებში პირველ ადგილზე 63 მუნიციპალიტეტში გავიდნენ, თუმცა 50%-იანი ბარიერის გადალახვა და პირველივე ტურში გამარჯვება მხოლოდ 57 მუნიციპალიტეტში შეძლეს. ერთ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, თიანეთში, მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

6 მუნიციპალიტეტში კი, კერძოდ, ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის მერობის კანდიდატებმა მეორე ტურში გასვლა ქუთაისში და მარტვილში შეძლეს, 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან „მასობრივი გაყალბების, შანტაჟის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების“ გამო,  მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა კანონმდებლობით, მეორე ტურში გასულ კანდიდატებს კანდიდატურის მოხსნის უფლება არ აქვთ და მათი სახელები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც დარჩება. 

ცესკოს მიერ შეჯამებული შედეგები პრაქტიკულად არ განსხვავდება წინასწარი მონაცემებისგან, რომელიც 22 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მომდევნო დღეს გამოქვეყნდა.

მსგავსი/Related

Back to top button