skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი და არასამთავრობოები მოქალაქის გარდაცვალებასთან პოლიციელთა კავშირის გამოძიებას ითხოვენ

საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მოქალაქის, პაატა პავლიაშვილის, საქმეზე 30 ოქტომბერს განცხადებები გაავრცელეს და პავლიაშვილის გარდაცვალებასთან პოლიციელების კავშირის გამოძიება მოითხოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 25 ოქტომბერს მოხდა, როდესაც მეზობლებს შორის კონფლიქტის ფაქტზე მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა, თუმცა მათთან ახალგაზრდა მამაკაცი, პაატა პავლიაშვილი, მივიდა, რომელიც უშუალოდ კონფლიქტში ჩართული არ ყოფილა, მაგრამ, შსს-ის თქმით, „განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა“ და „შეურაცხყოფას“ აყენებდა როგორც მოქალაქეებს, ისე – საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც პავლიაშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. 

დაკავებისას, პავლიაშვილი, სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ახლაგაზრდა მამაკაცი ამბობდა, რომ ცუდად იყო და დახმარებას ითხოვდა, თუმცა პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გახდა რეალურად დაკავებული პირის გარდაცვალების მიზეზი. საქმესთან დაკავშირებული გარემოებების დადგენას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ ვიდეოკამერები, რომლებითაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ აღჭურვილნი, გამორთული იყო და პავლიაშვილის დაკავებისა და გარდაცვალების მომენტი არ დაუფიქსირებიათ. ამას ადასტურებს საქართველოს პროკურატურა, რომელიც საქმის გამოძიებას აწარმოებს.

პავლიაშვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენის მოთხოვნით, 30 ოქტომბერს განცხადებები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

ისინი ყურადღებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ვიდეოკამერების გამოყენების აუცილებლობაზე ამახვილებენ; ასევე – აკრიტიკებენ შსს-ს პავლიაშვილის გარდაცვალების შესაძლო მიზეზის წინასწარ გამოცხადებისა და ახალგაზრდა მამაკაცის დისკრედიტაციის მცდელობის გამო, რაც, მათი თქმით, სამინისტროს მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტში გამოიკვეთა. 

„ამ საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიციისა და მოქალაქის კომუნიკაციის სათანადო დოკუმენტირება არის პრობლემა, რაც როგორც წესი მოქალაქის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. ვიდეოგადაღება, ცხადია, არ არის და არც უნდა იყოს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საპოლიციო თუ საგამოძიებო მოქმედება უწყვეტ რეჟიმში ფიქსირდებოდეს სამხრე ვიდეოკამერით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia) ავრცელებს.

გამორთულ მდგომარეობაში მყოფ ვიდეოკამერებზე სახალხო დამცველიც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს გარემოება „აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით“.

ომბუდსმენის აპარატი „მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს“.

„დროული, ეფექტური და ობიექტური გამოძიებას“ მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 

მომხდართან დაკავშირებით 30 ოქტომბერს მედიასთან კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, გააკეთა და განაცხადა, რომ სამინისტრო დაინტერესებულია საქმის ობიექტურად გამოძიებით. „თუ გამოძიება დაადგენს, რომ დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის, ჩვენმა თანამშრომელმა, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოხმაურება პარლამენტშიც მოჰყვა.

საპარლამენტო ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა მოითხოვა. ქართული ოცნების წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით კი, ოპოზიციის ეს მოთხოვნა „პოლიტიკური ცირკის მოწყობის“ მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

მსგავსი/Related

Back to top button