skip to content
ახალი ამბები

The Debunker: საბჭოთა ისტორიის გადაწერა სერგეი ლავროვის მიერ


სერგეი ლავროვი სოჭში, 16 ოქტომბერი, 2017. ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

The Debunker არის Civil Georgia-ს ახალი პროდუქტი, რომლის მიზანიცაა საქართველოსა და მისი ოკუპირებული რეგიონების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გამოვლენა და საზოგადოებისთვის ობიექტური ანალიზის შეთავაზება. 

ჩვენი სარედაქციო გუნდი ანალიზისათვის შეარჩევს ისეთ თემებს, რომელიც Civil.ge-ის სტატიებში გაშუქებულ ძირითად საკითხებს ეხება. თითოეული საკითხი გაანალიზებული იქნება მასში მოყვანილი სამართლებრივი, კონცეპტუალური და ტექნიკურ ფაქტების მიხედვით, რის შემდეგადაც მკითხველს თემის დეტალური ანალიზი მიეწოდება. 

განცხადება  

პირველ სტატიაში ჩვენ ვაანალიზებთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებას, რომელიც მან, 16 ოქტომბერს, ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში გამართულ განხილვაზე გააკეთა.

ლავროვს მიმართეს შეკითხვით სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის შესაძლო გაერთიანების თაობაზე, რაზეც მან ასე უპასუხა

„საბჭოთა კავშირში, როგორც იცით, ასეთი რამ უკვე არსებობდა. იყო ერთიანი ოსეთი, თუმცა შემდეგ ის ორ ნაწილად გაიყო. მაშინ ბევრ რამეს გადასცემდნენ ერთი რესპუბლიკიდან მეორეს, მათ შორის იყო ყირიმიც, და დიდად არ ზრუნავდნენ საბჭოთა კონსტიტუციის დაცვაზე“.

ამ განცხადებით, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ თითქოს საბჭოთა პერიოდის გარკვეულ ეტაპზე რუსეთის შემადგენლობაში არსებობდა „ერთიანი ოსეთი“, რომელიც გაიყო და მისი სამხრეთი ნაწილი –  ცხინვალის რეგიონი საქართველოს გადაეცა. 

ანალიზი

ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ისტორიულად ყოველთვის საქართველოს შემადგენლობაში (საქართველოს სამეფოში, ქართლის სამეფოში, რუსეთის იმპერიის ტფილისის გუბერნიაში, 1918-1921 წლებში კი – საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში) შედიოდა. 


საქართველოს სსრ, 1922. ფოტო: ეროვნული არქივი

1921 წლის თებერვალ-მარტში, საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონი, დანარჩენ საქართველოსთან ერთად, წითელი არმიის მიერ იქნა ოკუპირებული. საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა, 1922 წლის აპრილში კი, სამხრეთ ოსეთი მის შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ ოლქად ჩამოყალიბდა და ასეთად საბჭოთა პერიოდის ბოლომდე რჩებოდა. 

ჩვენ გადავწყვიტეთ სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი საბჭოთა დოკუმენტებში, კერძოდ კი, საბჭოთა კავშირის (სსრკ) მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ კონსტიტუციებში გადაგვემოწმებინა. 

პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, რომელიც 1924 წელს მიიღეს, სსრკ-ში შემავალ „რესპუბლიკებში“ არსებული ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ დეტალურ დებულებებს არ შეიცავდა. იმხანად ავტონომიური ტერიტორიული ერთეულების სტატუსი „რესპუბლიკების“ კონსტიტუციებით რეგულირდებოდა. 

საბჭოთა საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც 1922 წლის მარტში, რუსეთის ბოლშევიკური არმიის მიერ ქვეყნის ოკუპაციიდან ერთ წელიწადში მიიღეს, მკაფიოდ აცხადებდა, რომ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილია (კონსტიტუციის პირველი მუხლი).   

ამავე დებულებას იმეორებდა საბჭოთა საქართველოს მეორე კონსტიტუციაც, რომელიც 1927 წელს მიიღეს (კონსტიტუციის მე-9 მუხლი).      


საქართველოს სსრ, 1939. ფოტო: ეროვნული არქივი
       
სსრკ-ის პირველი კონსტიტუციისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირის 1936 და 1977 წლების კონსტიტუციებში „რესპუბლიკებში“ შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების სტატუსი პირდაპირ განისაზღვრა.
 
1936 წლის საბჭოთა კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ამასთან, 25-ე მუხლის ტექსტი არ შეცვლილა არცერთი საკონსტიტუციო ცვლილებით, რომელიც 1977 წლამდე (ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღებამდე) განხორციელდა.

1977 წლის ახალი საბჭოთა კონსტიტუციის 87-ე მუხლში კვლავ ცალსახად იყო ნათქვამი, რომ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილია“. ისევე როგორც 1936 წლის კონსტიტუციის შემთხვევაში, 1977 წლის კონსტიტუციაშიც, მიუხედავად არაერთი ცვლილებისა, სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული დებულება არ შეცვლილა, მათ შორის, არც იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი წლით ადრე, 1990 წლის დეკემბერში მიიღეს

დასკვნა

არანაირ „ერთიან ოსეთს“, ჩრდილოეთ ოსეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის შემადგენლობით, არ უარსებია არც საბჭოთა კავშირის დროს, არც რომელიმე სხვა ისტორიულ პერიოდში.

შესაბამისად, სერგეი ლავროვის განცხადება ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და აშკარად ეწინააღმდეგება ყველა ძირითად ისტორიულ ფაქტს სსრკ-ს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ, მათ შორის, ყველა საბჭოთა სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც სამხრეთ ოსეთს ეხება.  

მსგავსი/Related

Back to top button