skip to content
ახალი ამბები

მერობის ოპოზიციური კანდიდატი თიანეთში გამართული არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

თიანეთის მერობის ოპოზიციური კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, რომელიც მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, კანდიდატთან არჩევნებში ოთხი ხმით დამარცხდა, კენჭისყრის შედეგებს აპროტესტებს. 

მეჭიაური სასამართლოში ასაჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც თიანეთის №20 საარჩევნო უბანზე ხელახლა მოხდა ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების გადათვლა, საიდანაც 5 ბიულეტენი ნამდვილ ბიულეტენად მიიჩნიეს. 

სწორედ ამ ბიულეტენების დათვლის შედეგად, უპირატესობა ქართული ოცნების კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა, მოიპოვა და მერის არჩევნებში ხმათა 50.03%-ით გაიმარჯვა. 

ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლამდე, თიანეთის მერის არჩევნებს თამაზ მეჭიაური იგებდა.

მეჭიაურის საარჩევნო შტაბის უფროსის, მინდია შეთეკაურის თანახმად, მათ აქვთ დოკუმენტური მტკიცებულებები, ასევე ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც აჩვენებს „თუ როგორ ხდებოდა გაყალბების პროცესი“. მისივე თქმით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ეუთოს სადამკვირვებლო მისიაც. ოპოზიციური კანდიდატის ინტერესებს სასამართლოში კი არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დაიცავს. 

თიანეთის №20 საარჩევნო უბანზე არჩევნების ლეგიტიმურობას და კენჭისყრის შედეგებს ეჭვის ქვეშ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებიც (ISFED) აყენებს. 

ISFED, აცხადებს, რომ ხმების თავდაპირველი დათვლის დროს 5 ბიულეტენი ბათილად იქნა მიჩნეული, რაც არავის, მათ შორის, არც ISFED-ის დამკვირვებელს უკანონოდ არ მიუჩნევია. თუმცა, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების მოთხოვნის საფუძველზე ბათილი ბიულეტენების ხელახალი გადათვლის გადაწყვეტილება მიიღეს, დალუქულ კონვერტში, სადაც ბათილი ბიულეტენები უნდა ყოფილიყო, ამომრჩევლის ნების გამომხატველი ბიულეტენები აღმოჩნდა.

„გაურკვეველია და ეჭვს იწვევს ის გარემოება, თუ როგორ მოხვდა ბათილ ბიულეტენებს შორის 5 თითქოსდა ნამდვილი ბიულეტენი, რომელზეც აშკარად იკითხებოდა ამომრჩევლის ნება. განსაკუთრებით საეჭვოა ის ფაქტი, რომ ხმის დათვლის პროცესში, უბანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია“, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში. 

„საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად“, ISFED თიანეთის №20 საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილად ცნობას და  განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს.

სასამართლოში მეჭიაურის საჩივრის განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 ოქტომბერს, თავს დაესხნენ მეჭიაურის წარმომადგენლებს, მახარე სისაურს და რამაზ ღვალაძეს, რომლებიც თიანეთის №20 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს ესწრებოდნენ და სასამართლოში მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყვნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სისაურმა და ღვალაძემ თიანეთში მეჭიაურის შტაბი დატოვეს. მათი განცხადებით, ჟინვალისკენ მიმავალ გზაზე, მათ უცნობმა პირებმა ავტომობილის გაჩერება მოსთხოვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი მათი მიმართულებით აალებადი სითხით სავსე ბოთლი ისროლეს, რის შედეგადაც ავტომობილი დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მეჭიაურმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა „სხვა მოწმეების დაშინების“ მიზნით მოხდა, რომლებიც სასამართლოში მის სასარგებლოდ ჩვენების მიცემას აპირებდნენ. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.

თამაზ მეჭიაური, რომელიც ქართული ოცნების წევრი იყო, მმართველი პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა და საკუთარი პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა.

მსგავსი/Related

Back to top button