skip to content
ახალი ამბები

საერთაშორისო დამკვირვებლები: ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო

„21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა წინასწარ შეფასებაში, რომელიც 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ერთობლივი მოხსენება ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ერთობლივი პროექტია. 

ორგანიზაციებმა აღნიშნეს შეფასებაში, რომ „არჩევნების ეფექტიანმა ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიზუსტემ პროცესის ხარისხიანად წარმართვას შეუწყო ხელი“, თუმცა დასძინეს, რომ „მთლიანობაში არჩევნების კონტექსტი მმართველი პარტიის დომინირების ფონზე იყო ფორმირებული“.

„ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო პროცესი, სადაც კონკურენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია და სადაც უზრუნველყოფილი იყო შეკრების და გამოხატვის ფუნდამენტური უფლების პატივისცემა“, – განაცხადა OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკირმა. „მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია ცალსახა იყო და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე იქონია გავლენა. თუმცა, ამ დომინანტურ პოზიციას თან სდევს პასუხისმგებლობა,  რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ სხვა კანდიდატების შესაძლებლობები არ შეიზღუდოს“.

ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ „ადგილი ჰქონდა როგორც ამომრჩევლებზე, ასევე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებს“ და ასევე გავრცელდა ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების შესახებ. 

„კონგრესის შეხედულებით, საჭიროა, რომ ამ არჩევნების შემდეგ მოგვარდეს საკითხები ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების და საქართველოში  ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი კონსოლიდაციის თაობაზე“, – განაცხადა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენელმა სტიუარტ დიქსონმა.

ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ მედიის თავისუფლების კუთხით „ხელშესახები გაუმჯობესება“ შეინიშნება, თუმცა დასძინეს, რომ სამაუწყებლო მედია საშუალებები „პოლარიზებულია და ისინი პოლიტიკურად აფილირებულად აღიქმება“.

ორგანიზაციები შემოწირულობების საკითხსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ „არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სასარგებლოდ გაკეთებულ შემოწირულობებს შორის არსებულმა მნიშვნელოვანმა სხვაობამ თამაშის თანაბარი პირობები დაარღვია“.  მათივე თქმით, „ქართული ოცნების სასარგებლოდ გაკეთებულმა შემოწირულობებმა მთლიანი ოდენობის 91.1% შეადგინა“.

OSCE/ODIHR-ი საბოლოო ანგარიშის, მათ შორის რეკომენდაციების გამოქვეყნებას საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რვა კვირაში გეგმავს.

მსგავსი/Related

Back to top button