skip to content
ახალი ამბები

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ‘ამომრჩევლის ნების კონტროლზე’ საუბრობენ

სამი ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), სამართლიანი არჩევნებისა (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, 21 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი ინციდენტებისა და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

გამოვლენილ დარღვევებს შორის, საია, ISFED და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ყურადღებას საარჩევნო კომისიის წევრებთან არასათანადო კომუნიკაციის, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციის, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე ამახვილებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ასევე სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებზე უთითებენ. 

ISFED-ის თანახმად, დარღვევებით გამოირჩეოდა მარნეულის საარჩევნო ოლქი, სადაც, სხვა ოლქებთან შედარებით, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემის, მარკირების შემოწმების გარეშე ამომრჩევლის დაშვების, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, ასევე – კენჭისყრის პროცედურის უკანონო შეწყვეტის ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას „ამომრჩევლის ნების კონტროლზე“ ამახვილებენ.  მათი ინფორმაციით,  პოლიტიკური სუბიექტების, უმთავრესად კი – ქართული ოცნების წარმომადგენლები, საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორის ან ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგნენ და უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს აღრიცხავდნენ.

„დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესი იყო არა უბნებზე მისული ამომრჩევლის ზოგადი რაოდენობის დადგენა, არამედ მისული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირება“, – აღნიშნავს საია. 

საია-ს თანახმად, ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვება „კარგად ორგანიზებულ და მასშტაბურ ხასიათს“ ატარებდა და არჩევნებზე არმისული მოქალაქეების „მობილიზებას“ ემსახურებოდა. 

კენჭისყრის დღეს, საია, სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ცესკოს ამომრჩეველთა მონაცემების აღრიცხვის პრობლემაზე რეაგირებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს.

ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ამომრჩევლის აღრიცხვა ნორმალური პრაქტიკაა და პოლიტიკური პარტიების უფლებას წარმოადგენს. „თუ [ამომრჩევლის] ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტები იქნება, მხოლოდ ამ ნაწილშია ეს პრობლემური და არა იმ ნაწილში, რომ ის [ამომრჩეველი] აღირიცხება“, – განაცხადა ჟვანიამ.

23 ოქტომბრის 18:00 საათის მდგომარეობით, ცესკოს ვებგვერდზე არსებულ საჩივრების რეესტრში, 21 ოქტომბერიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, 450-მდე საჩივარი დარეგისტრირდა. აქედან, 98 საჩივარი – სამართლიან არჩევნებს, 91 საჩივარი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ხოლო ერთი – საჩივარი  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ეკუთვნის.

მსგავსი/Related

Back to top button