skip to content
ახალი ამბები

NDI-ს შეფასება: არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ, არჩევნების დღემ ძირითადად ინციდენტების გარეშე ჩაიარა


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლოგო.

„არჩევნების დღემ, ძირითადად, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიების წევრებმა, პარტიების აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპებისადმი თავიანთი ერთგულების დამტკიცება“, – ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასწარ შეფასებაში, რომელიც 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის რვაწევრიანი მაღალი დონის დელეგაცია საქართველოში 16 ოქტომბერს ჩამოვიდა და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, ოფიციალურ პირებთან, საარჩევნო ადმინისტრაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. არჩევნების დღეს NDI-ს 11 სადამკვირვებლო ჯგუფი აკვირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემას და ხმების დათვლის პროცესებს ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ საარჩევნო უბანზე.

NDI-ს შეფასებაში ნათქვამია, რომ „საკანონმდებლო და საარჩევნო რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან მეტწილად თანხვედრაში იყო“. „დღის განმავლობაში კონკრეტულ უბნებზე ხმის მიცემის პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო და ხმების დათვლის პროცესმაც, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა“, – ნათქვამია შეფასებაში.

თუმცა, დელეგაციამ ასევე განაცხადა, რომ NDI-ს დამკვირვებლებმა „პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნასა და პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების დათვლის პროცესში ჩარევას უკავშირდებოდა“.

დელეგაცია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „მასზე დაკისრებული ვალდებულებები დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ შეასრულა“. „დამკვირვებლების შეფასებით, ცესკომ ქვედა დონის კომისიების თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგა. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად აწარმოებდნენ საარჩევნო პროცესების მონიტორინგს, ავსებდნენ საჩივრებს და იძლეოდნენ რეკომენდაციებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საჩივარი, რომელიც პარტიებიდან და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან შემოვიდა, ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო არაასათანადო გამოყენებას ეხებოდა.  „ეს ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელსაც წინა ხელისუფლებებიც მიმართავდნენ“, – ნათქვამია შეფასებაში.

დოკუმენტის თანახმად, „საარჩევნო კამპანია, თბილისის მიღმა, კონკურენციის ნაკლებობით ხასიათდებოდა. არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოს პირობებში მმართველმა პარტიამ დეკლარირებული პოლიტიკური შემოწირულობების დაახლოებით 90 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდა, სადაც მთავრობის მიღწევებისა და ღონისძიებების წარმოჩენას ეფექტურად ახერხებდა. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციურ პარტიებს მწირი რესურსებისა და საგრძნობლად დაბალი ხილვადობის პირობებში უწევდათ მოქმედება. ასეთმა უთანასწორობამ და წინასაარჩევნოდ პოლიტიკისა და საკითხების ირგვლივ დებატების ნაკლებობამ ჯანსაღ შეჯიბრს ხელი შეუშალა“.

დოკუმენტის თანახმად, არჩევნების პირველადი შედეგები ადასტურებს, რომ „სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა. ეს ტენდენცია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს ყველა მთავრობას ახასიათებს და დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია შეფასებაში.

„ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ქვეყანაში ძლიერი და პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს. შექმნილ ვითარებაში  ინკლუზიური მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შექმნის პასუხისმგებლობა, ცხადია, ხელისუფლებას ეკისრება“, – აცხადებს NDI. 

სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასება ეფუძნება NDI-ს წინასაარჩევნო შეფასების მისიის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელმაც თავისი წინასაარჩევნო შეფასება ივლისში გამოაქვეყნა, ასევე 14 გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ განხორციელებულ სამუშაოს, რომელთაც თითქმის 64-ივე ოლქი მოინახულეს და 700-ზე მეტი შეხვედრა გამართეს ხელისუფლების და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ასევე საერთაშორისო და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.

მსგავსი/Related

Back to top button