skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოზე: ‘აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა’


ISFED-ის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს და საია-ს ლოგოები. ფოტო: gyla.ge

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ – წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეაფასება გამოაქვეყნა. 

ერთობლივ დოკუმენტში, ისინი ყურადღებას ამახვილებენ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, სოციალური ქსელებში უკანონო აგიტაციისა და დეზინფორმაციის ფაქტებზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისას აღმოჩენილ დარღვევებსა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე. 

„წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო“, – აღნიშნავენ არასამთავრობოები, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ „მთელი ქვეყნის მასშტაბით, აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა კამპანიის პერიოდში, რაც პარტიების შემოწირულობებისა და წინასაარჩევნო ხარჯვის მხრივ არსებულ საგრძნობ დისბალანსშიც გამოიკვეთა“.

წინასაარჩევნო პერიოდში კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო და თვითმმართველობის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „ხელისუფლების მხრიდან ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები ნაჩქარევად, კონსენსუსისა და განსხვავებული პოზიციების გათვალისწინების გარეშე იქნა მიღებული“, რაც „ძალაუფლების კონცენტრაციის მცდელობებად“ შეფასდა.

სამი ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ „წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი არ ჰქონია ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების მასშტაბურ შემთხვევებს“, თუმცა იქვე ხაზს უსვამს არჩევნებამდე ორი დღით ადრე სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის გამოძიების აუცილებლობას, რათა დადგინდეს ვინ და რა მოტივით დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქართული ოცნების რამდენიმე წევრი და მხარდამჭერი. „მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა აღნიშნულ დანაშაულს პოლიტიკური მოტივი, წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი სიმძიმის ფაქტები საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

საია, ISFED და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აღნიშნავენ, რომ „არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მოიმატა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარისა თუ დაშინების შემთხვევებმა“. არასამთავრობოები სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ათობით შემთხვევაზე უთითებენ და აღნიშნავენ, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციურ კანდიდატებსა და აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტებს. „რამდენიმე ოლქში, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებულმა პირებმა კანდიდატურები, სავარაუდოდ, განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოიხსნეს“, – ნათქვამია სამი ორგანიზაციის ერთობლივ დოკუმენტში. არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ, რომ „რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საქმიანობას სთხოვდნენ“.

სამი ორგანიზაცია ასევე ზეწოლა-მუქარის ფაქტების არასათანადოდ გამოძიებაზე საუბრობს და ამის მაგალითად მოჰყავს ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ ქართული ოცნების მხარდამჭერთა სიების მოგროვების ფაქტზე მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც „სამართალდამცავი უწყებები არ დაინტერესებულან“. 

არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას წინასაარჩევნოდ მიღებული შემოწირულობების კუთხით პარტიებს შორის არსებულ „დისბალანსზე“ ამახვილებენ. „1 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ქართული ოცნების მიერ მიღებული შემოწირულობა 12-ჯერ აღემატებოდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულობებს“, – ნათქვამია ერთობლივ შეფასებაში. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ 32 იურიდიული პირიდან, რომლებმაც წინასაარჩევნოდ შემოწირულობები გაიღეს, 31-მა პირმა თანხები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადარიცხა.

მსგავსი/Related

Back to top button