ახალი ამბები

თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს


პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, 17 ოქტომბერი, 2017. ფოტო: gov.ge

ათასობით მოქალაქე შეიკრიბა 17 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში იმ 25 დაღუპული პირისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ და რომელთა ნეშტებიც ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
 
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა, მათ შორის აფხაზეთის რეგიონული მთავრობის წარმომადგენლების ნეშტები ოჯახებს იმ საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გადასცეს, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა და რომლის მიზანიც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიკაციაა.
 
ყველა მსხვერპლი სოხუმის დაცემის დროს დაატყვევეს და მოკლეს. მათ შორის იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი, მამია ალასანია, და სოხუმის მერი, გურამ გაბესკირია, რომელსაც სიკვდილის შემდგომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
 
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მთავრობის წევრებთან ერთად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო, მადლიერება გამოხატა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისამართით.
 
მან ასევე მადლობა გადაუხადა აფხაზებს დახმარებისთვის და შერიგებაზეც ისაუბრა.  „დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია ის, რომ ჩვენ, ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, – განაცხადა მან.
 
მან ასევე განაცხადა, რომ მამია ალასანია ეროვნული გმირის წოდებაზეა წარდგენილი, ხოლო 9 გადმოსვენებული წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაღუპულთა „თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა და ძალისხმევა არ დააკლო, რათა ეს შესაძლებელი გამხდარიყო. მიხარია, რომ ამ ჰუმანური აქტით ის დიდი ტკივილი, რომელშიც ოჯახები წლებია ცხოვრობენ ცოტათი მაინც შემსუბუქდება“.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელის ასევე დაესწრო დაკრძალვას, განაცხადა, რომ იგი პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულ „გმირებს“, რომელთაც თავი სამშობლოსთვის გაწირეს.
 
ევროპული საქართველოს ლიდერმა და ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პატივისცემა გამოხატა დაღუპულების მიმართ და აღნიშნა, რომ „ჩვენი ვალი ამ ადამიანების სახელების აფხაზეთში, სამაჩაბლოში დაღუპული თითოეული ადამიანის მიმართ გადახდილი გვექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მშვიდობიანად, პოლიტიკურად, მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებთ იმ სოხუმს, იმ ცხინვალს, რომლის დასაცავად ამდენმა გმირმა შეწირა სიცოცხლე“.  – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
 
დაღუპულთა ნეშტების უმეტესობა დღეს დიღმის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში დაკრძალავენ.
 
საქართველოს მთავრობამ სამხედრო ძალები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წელს, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დაცვის მოტივით, გაგზავნა. თუმცა, სამთავრობო ძალებს 1993 წლის სექტემბერში რეგიონიდან გამოსვლა მოუხდათ მას შემდეგ, რაც 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა.
 
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000 ადამიანი დევნილად იქცა. 2400 პირი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button