ახალი ამბები

თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა

ზუგდიდში, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელსაც მავნებელმა მწერმა – აზიურმა ფაროსანამ თხილის მოსავალი გაუნადგურა, 16 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას და მავნებელი მწერისგან მიყენებული ზიანის ანაღზაურებას მოითხოვდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, დაზარალებულები უკვე მეოთხედ ცდილობდნენ გუბენატორთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. „თუკი ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის, რას ნიშნავს ეს ფაროსანა, დიახ, ათიათასობით ოჯახმა ეს უკვე თავის თავზე იწვნია. ეს ნიშნავს ულუკმაპუროდ დარჩენილ ათიათასობით ოჯახს სამეგრელოში, დამატებით ათი ათას ოჯახს იმერეთში და გურიაში, დასავლეთში მთლიანად… “, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსახლეობის ნაწილმა ადმინისტრაციის შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე, კობა ქანთარია, გავიდა და განაცხადა, რომ აზიური ფაროსანას განადგურების მიზნით შეწამვლა მიმდინარეობს. 

„ამ ხალხის გვერდზე ვართ ჩვენ, გვაწუხებს ეს თემა, დავაყენეთ ეს [კომპენსაციის] საკითხი, მაგრამ [ეს გადაწყვეტილება] ცენტრმა – ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობამ უნდა მიიღოს. ჩვენ [ამას] ვერ ვწყვეტთ“, – განაცხადა აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დროს კობა ქანთარიამ.

ზუგდიდის ცენტრში საპროტესტო აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ კომპენსაციით მოთხოვნით კვლავაც შეიკრიბებიან.

აზიური ფაროსანა ზაფხულის პერიოდში ძირითადად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გავრცელდა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებელი, რომლის სამშობლოც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი 2016 წლის სეზონზეც გამოიწვია. თხილის გარდა, ფაროსანა აზიანებს ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს და ბოსტნეულ კულტურებს. მავნებლის ფართოდ გავრცელების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში (სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარა), რომელიც მწერის გავრცელებამ ყველაზე მეტად დააზარალა, სპეციალური ტექნიკის საშუალებით 110 ათას ჰექტრამდე ფართობი, მათ შორის, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები შეიწამლა.

მავნებელმა მწერმა მნიშვნელოვანი ზარალი დასავლეთ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონს, ოკუპირებულ აფხაზეთსაც, მიაყენა. ეს საკითხი 10-11 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდზეც განიხილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკოლოგიურ პრობლემებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე“.

მსგავსი/Related

Back to top button