Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტი ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას განიხილავს

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთათვის სავალდებულო კვოტების დაწესებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტი, რომელიც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და პარლამენტს 37 ათასი მოქალაქის ხელმოწერით წარუდგინა, ცვლილებების შეტანას საარჩევნო კოდექსში ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს დაევალებათ, რომ სიაში ყოველი მეორე იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. გარდა ამისა, ინიციატივის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მომდევნო მოწვევის პარლამენტში პროპორციული სიით არჩეული 77 დეპუტატიდან ნახევარს ქალები შეადგენენ. 

ქალთა სავალდებულო კვოტების ინიციატივას 5 ოქტომბერს მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. მანამდე კი, ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის და რეგიონული განვითარების კომიტეტებმაც მოიწონეს.

ქართული ოცნების წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, კომიტეტის გადაწყვეტილებას „მნიშვნელოვანი“ უწოდა. 

„მე ვუჭერ მხარს იმ იდეას, რომ მეტი ქალი იყოს საჯარო სივრცეში, პოლიტიკაში და ეს უთანასწორობა აღმოიფხვრას… ვცდილობ, დავარწმუნო მეტი მამაკაცი, რომელიც მოწინააღმდეგეა ამ იდეის, რომ ეს არის კარგი გადაწყვეტილება, ეს სჭირდება პოლიტიკურ სივრცეს“, – განაცხადა კომიტეტის გადაწყვეტილების კომენტირებისას ბესელიამ. 

ქალთათვის სავალდებულო კვოტების დაწესებას მხარი დაუჭირა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმაც. მისი თქმით, კვოტების დაწესების შემთხვევაში, ქალ პოლიტიკოსებზე მოთხოვნა გაიზრდება. 

„მაშინ როდესაც იქნება მოთხოვნა, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, აღმოჩნდება, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი კვალიფიციური ქალი, რომელსაც შეუძლია არჩევითი თანამდებობის დაკავება“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში იქნა არჩეული, 150 დეპუტატიდან 23 ქალია (15.3%). 

ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობა ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც მეტ ქალს შეიყვანენ თავიანთ პარტიულ სიებში.

ქალთა სავალდებულო კვოტების შემოღების ინიციატივები წინა მოწვევის პარლამენტშიც განიხილებოდა

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა ქალთათვის 50%-იანი კვოტის დაწესებას მოითხოვდა. ქართული ოცნების დეპუტატთა ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით კი, პარტიულ სიაში ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. 

დეპუტატების ნაწილმა ქალთა სავალდებულო კვოტების იდეას მხარი დაუჭირა, თუმცა საბოლოოდ, გენდერული კვოტების შესახებ მსჯელობა საკომიტეტო მოსმენებს ვერ გასცდა.

მსგავსი/Related

Back to top button