ახალი ამბები

ახალქალაქში დაპირისპირების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ

ოთხი სამართალდამცავი დაშავდა და პოლიციის რამდენიმე მანქანა დაზიანდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს მოსახლეობასთან დაპირისპირების შედეგად, რომელიც 30 სექტემბერს, კუმურდოს მართლმადიდებლურ ტაძართან მოხდა. 

ახალქალაქის ონლაინ საინფორმაციო საააგენტოს Jnews-ის ინფორმაციით, ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფლის 150-მდე მოსახლე კუმურდოს მე-10 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძრის ეზოში შესვლას შეეცადა. ადგილობრივები ტაძრის ეზოში ქვაჯვარის დადგმას გეგმავდნენ არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძვლების კოლექტიური სამარხის მოსანიშნად, რომელიც, ადგილობრივების თქმით, მათ წინაპრებს ეკუთვნით.  

კუმურდოს ტაძარი, სადაც 2016 წლის ზაფხულიდან მოყოლებული სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსს ატარებს და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონითაა დაცული.

დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ტაძრის ტერიტორიას იცავენ, ტერიტორიის შესასვლელში პოლიციის კორდონი გააკეთეს, რათა ადგილობრივებისთვის, მათი მცდელობის მიუხედავად, იქ შესვლის უფლება არ მიეცათ. ინციდენტი დამატებითი საპოლიციო ძალების გამოჩენასთან ერთად გამწვავდა. სამართალდამცავებმა რეზინის ხელკეტებით დაიწყეს ადგილობრივების დაშლა, რასაც მათი მხრიდან ქვების სროლა მოჰყვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ოთხი პოლიციელი, რომელიც ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მეორე დღესვე გამოწერეს. Jnews-ის ინფორმაციით, ასევე მსუბუქად დაშავდნენ ადგილობრივი მკვიდრი და ახალქალაქის საკრებულოს წევრი, თუმცა სხვა დეტალები და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

დაპირისპირების შედეგად პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა, თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს და სოფელში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან, რომელიც ინციდენტიდან მალევე კუმურდოში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ, რომელიც 30 სექტემბერს ასევე ჩავიდა სოფელში, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ინციდენტი პროვოცირებული იყო. „როგორც მე ვიცი, დღეს უნდოდათ იმ კონკრეტულ ადგილზე გარკვეული ქვის მანიშნის დადგმა, რომელიც არქეოლოგიურ და შემდგომში სარესტავრაციო პროცესებს ხელს შეუშლის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სპეციალური ადგილი გამოიყოფა ტაძრის ტერიტორიის გარეთ, სადაც ეს მემორიალი აღიმართება.
  
მედია საშუალებები იტყობინებოდნენ 1 ოქტომბერს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა და ადგილობრივ სომეხ მრევლს ტაძარში საკვირაო ლოცვის ჩატარების საშუალება მიეცა. ტაძარში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმაც ილოცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 30 სექტემბერს, რომ „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ის 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, რაც გულისხმობს პოლიციის თანამშრომლებზე ძალადობას, ქონების დაზიანებას ან განადგურებას, და ხულიგნობას ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 1 ოქტომბერს, რომ მისი სამსახური დეტალურად შეისწავლის საქმეს და ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button