ახალი ამბები

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე შეხვედრა გაიმართა


თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი, 20 სექტემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრები 19-20 სექტემბერს თბილისი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე შეხვედრაზე შეიკრიბნენ.

ასოცირების კომიტეტს, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტარი გაერთიანებული სამეფოდან, საჯად კარიმი თანათავმჯდომარეობდნენ.

20 სექტემბერს კომიტეტმა ერთობლივი განცხადება მიიღო, რომელსაც ერთხმად დაუჭირა მხარი ხუთმა დეპუტატმა ევროპარლამენტიდან და შვიდმა დეპუტატმა ქართული მხრიდან.

ერთობლივი განცხადების თანახმად, კომიტეტი მიესალმება „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მზარდ გაღრმავებას“.

დოკუმენტი „კმაყოფილებას“ გამოხატავს საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, ხაზს უსვამს „საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“ და იხსენებს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს შეუძლია მიმართოს ევროკავშირს წევრობის თხოვნით იმ პირობით, თუ ის დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის  უფლებებს და უმცირესობების უფლებებს, და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“.

კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის დახმარებაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების „ამბიციური მიზნები უნდა აისახოს“, და მოუწოდა ევროკომისიას კიდევ უფრო გაზარდოს დახმარება „მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის შესაფერისი დახმარების ახალი ინსტრუმენტის შემოღების გზით“.

ევროპელი და ქართველი პარლამენტარები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსაც შეეხნენ და მოუწოდეს, რომ ჩამოყალიბდეს „ამბიციური დღის წესრიგი, რათა მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის რეალური შედეგები იქნას უზრუნველყოფილი“. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სამიტის დეკლარაციაში „უნდა აისახოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები ევროპული კურსის მიმართ“.

ერთობლივი განცხადება საქართველოს შიდა პოლიტიკასაც შეეხო, მათ შორის მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას; კომიტეტების წევრებმა ხაზი გაუსვეს „ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მნიშვნელობას და პოლიტიკურ ძალებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე რაც შეიძლება მეტი კონსენსუსის მიღწევის საჭიროებას“.

პარლამენტარები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის „გატაცების“ თემასას შეეხნენ  და საქართველოს ხელისუფლებას ამ საქმის ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ისინი მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ შეასრულოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე და მოუწოდეს საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს, რომ უზრუნველყონ მოქალაქეების წვდომა მრავალფეროვან ინფორმაციაზე.

კომიტეტმა კიდევ ერთხელ გამოხატა „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.

კომიტეტმა განაცხადა, რომ ის „მხარს უჭერს“ საქართველოს მთავრობის ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში და მიესალმა მის ძალისხმევას, რომ ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს დიალოგი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან, რათა ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კონტაქტებს და ნდობის აღდგენას.  

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 22 მარტს, ბრიუსელში ევროპარლამენტში გაიმართება. 

მსგავსი/Related

Back to top button