skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა და ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე ერთობლივი დოკუმენტი გამოაქვეყნეს

საქართველოს პრეზიდენტმა და ოცმა ოპოზიციურმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელიც განსახილველად საპარლამენტო უმრავლესობას და ვენეციის კომისიას გაეგზავნა. 

გიორგი მარგველაშვილის მიერ 19 სექტემბერს წარდგენილი დოკუმენტი შეიცავს წინადადებებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე.

ოპოზიცია ქართულ ოცნებას პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევას 2020 წლიდან, დაგეგმილზე ოთხი წლით ადრე სთავაზობს. გარდა ამისა, დოკუმენტის ავტორები მმართველ პარტიას საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევას და პარტიებისათვის საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების უფლების შენარჩუნებას სთავაზობენ.

ოპოზიციური პარტიები ასევე აცხადებენ, რომ არსებული გამოწვევების პირობებში, ქვეყანას უნდა ჰყავდეს მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი და აღნიშნავენ, რომ  სახელმწიფოს მეთაურის არჩევა კვლავაც პირდაპირი წესით უნდა მოხდეს.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც მუდმივმოქმედი კონსტიტუციური ორგანო, არ უნდა გაუქმდეს. „ცალსახად ვთვლით, რომ თავდაცვის ორგანიზაციაზე უწყვეტი მუშაობა არის პრიორიტეტი არსებული გამოწვევებისა და ფაქტობრივად მიმდინარე ჰიბრიდული ომის წინაშე მყოფი ქვეყნისათვის. ამიტომ, მისი [უშიშროების საბჭოს] ჩანაცვლება მხოლოდ კონვენციური ომის დროისათვის შექმნადი თავდაცვის საბჭოთი ვერ შეესატყვისება არსებულ რეალობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ოპოზიციური პარტიები ასევე გამოდიან პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების წინადადებით. კერძოდ, ისინი საჭიროდ მიიჩნევენ იმ ნორმის შენარჩუნებას, რომელიც, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს, პარლამენტს მთავრობა ხელახალი ნდობის მისაღებად წარუდგინოს.

ოპოზიციური პარტიები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც საუბრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არა პარლამენტმა, არამედ „დამოუკიდებელმა ფიგურამ“ – პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს, ვინაიდან მასზე „პოლიტიკური გავლენის მოხდენის ნაკლები ალბათობა“ არსებობს.

ერთობლივი დოკუმენტის წარდგენისას, 19 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დათმო რაღაც, მაგრამ შედგა მთავარი – შედგა თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება ქართულ ოცნებას და ვენეციის კომისიას, იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა თანხმობამდე“.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონე ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას „გამალებული საარჩევნო კამპანიის“ ფონზე მიაღწიეს. „მითი თითქოს საქართველოში განსხვავებული შეხედულების ადამიანები  ვერასდროს ვერაფერზე ვერ თანხმდებიან ნამდვილად დამსხვრეულია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების ერთობლივ დოკუმენტს მალევე მოჰყვა მმართველი პარტიის კრიტიკა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქართული ოცნების წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა, ამ ინიციატივას „სასოწარკვეთილი“ უწოდა.

„არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ ინიციატივაზე სერიოზულად პასუხის გაცემა იმიტომ, რომ რაღაც ახლებური განმარტებაა კონსენსუსის, როდესაც უმრავლესობა, ვინც საზოგადოებამ გადაწყვეტილების მისაღებად აირჩია, უნდა გამოეთიშოს პროცესს და ვიღაც სხვამ უნდა დაწეროს კონსტიტუცია, ვისაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ასეთი რამ ძალიან აბსურდულია“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

საპარალმენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 11 სექტემბერს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, ოპოზიციასთან დიალოგს „აზრს მოკლებული“ უწოდა და, შედეგად, ვენეციის კომისიის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ოპოზიციამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში „კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა“ ქართული ოცნების ხელისუფლებას დააკისრა. მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა იმედგაცრუება გამოხატა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება მომდევნო კვირაში იგეგმება.

მსგავსი/Related

Back to top button