skip to content
ახალი ამბები

საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე


ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთის და თურქეთის პრეზიდენტები გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე, 19 სექტემბერი, 2017. ფოტოები: გაერო

19 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე გამოსვლისას ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა საქართველოს შესახებ განცხადებები გააკეთეს.

ქვემოთ მოცემულია ამონარიდები მათი განცხადებებიდან.

ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი: „აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესია კვლავაც იწვევს კონფლიქტის გაღვივებას და მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, მათ შორისაა ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წევრის დაღუპვა. ყირიმის ნახევარკუნძული კვლავ ოკუპირებულია, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიები. დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღში კი გაჭიანურებულ კონფლიქტებს აქვს ადგილი“. 

ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე:  „მიუხედავად რუსეთის, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა, რომ დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა, მან დაარღვია გაეროს წესდება მას შემდეგ, რაც თავსა დაესხა საქართველოს, ყირიმის ანექსია მოახდინა და პირდაპირაა ჩართული აღმოსავლეთ უკრაინის ომში“.

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა: „პოლონეთს ასევე სურს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო წესრიგის დამყარებაში, რომელიც პოლიტიკური სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს ეფუძნება. ნებისმიერი მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, რომ ეს პრინციპები დაირღვეს, ურთიერთნდობას შეასუსტებს. უკვე თითქმის 10 წელია, რაც საქართველოში და მესამე წელია, რაც უკრაინაში გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევას აქვს ადგილი, მათ შორისაა საზღვრების დაურღვევლობის, სუვერენიტეტის პატივისცემის, დავების მოგვარებისას სამხედრო ძალის გამოუყენებლობის პრინციპები“.

სლოვაკეთის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა: „ჩვენ მოწმენი ვართ არაშორსმჭვრეტელური ინტერესებისა, რომლებიც ეფუძნება არასტაბილურობის გავრცელებას, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული კოლექტიური ძალისხმევის შერყევას. მთავარი ღერძი გაეროს წესდებისა, რომელიც ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, შერყეულია ე.წ. გავლენის სფეროების ეგოისტური დევნის სახელით, რომელიც წარმოსახვითი ფრაზაა, რომელიც ხშირად არასათანადოდ გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო წესრიგის დარღვევების დასამალად და სუვერენიტეტის უპატივცემულობის გასამართლებლად. ეს სახიფათო თამაშია, რასაც ტრაგიკული და დაუგეგმავი შედეგები მოყვება. ამას ჩვენც კარგად ვხედავთ ევროპაში. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ იციან მშვიდობის ფასი. მათ კარგად იციან ის ტკივილი, რომელიც აგრესიული მეზობლის მიერ მათი სუვერენიტეტის შელახვის გამო განიცადეს, მეზობლისა, რომელიც ფიქრობს, რომ წესები მას არ ეხება“.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: „აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიის რეგიონული სტაბილურობისთვის უმთავრესია. ამიტომ, საჭიროა, რომ მეტი ვიმუშავოთ მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად“.

საქართველოს საკითხზე ასევე იმსჯელეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ფედერიკა მოგერინიმ და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 19 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ორმა ლიდერმა, სხვა საკითხებთან ერთად „აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და ორივე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მიმართ ძლიერი მხარდაჭერა დაადასტურეს“.

გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერები გაეროს შტაბბინაში იკრიბებიან და გლობალურ საკითხებს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, გენერალურ დებატებზე სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა.

მსგავსი/Related

Back to top button