ახალი ამბები

საქართველო აშშ-ის 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტში


აშშ-ის კონგრესი. ფოტო: wikipedia

აშშ-ის ახალი 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ივლისში მიიღო, ხოლო სენატმა 18 სექტემბერს დაამტკიცა, „კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს, „განაგრძონ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა“.

აშშ-ის 2018 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც სამხედრო ხარჯებს განსაზღვრავს, ნათქვამია, რომ „გამოცოცხლებული რუსეთი პარტნიორიდან მოწინააღმდეგედ იქცა“ და რომ „რუსეთის მეზობელი ქვეყნები, განსაკუთრებით უკრაინა და საქართველო, მოსკოვის საზიანო გავლენის და სამხედრო აგრესიის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან“.

კონგრესი აღნიშნავს, რომ „2008 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოში კონფლიქტი გააღვივა“ და „აღმოსავლეთ უკრაინაში ერთობლივ რუსულ-სეპარატისტულ შენაერთებს ხელმძღვანელობს, რითიც აქტიურად აღვივებს ძალადობას და ახანგრძლივებს ყველაზე მნიშვნელოვან კონფლიქტს ევროპაში“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-მა კვლავაც უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს, რომელიც „ამერიკის შეერთებული შტატების ღირებული მეგობარია და რომელსაც არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების დასაცავად, მათ შორის ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის მისიაში და ერაყის მრავალეროვნულ ძალებში ქართველი სამხედროების განთავსებით“.

„მიუხედავად დანაკარგისა, საქართველო, როგორც ნატოს პარტნიორი ISAF-ში, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაშიც მონაწილეობს და კონტინგენტის მოცულობის თვალსაზრისით მეორე უმსხვილესი ქვეყანაა ადგილზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კონგრესი „კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული“. ის ასევე უჭერს მხარს თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-სა და საქართველოს შორის და მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს, „განაგრძონ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა“.

ავტორიზაციის აქტის გამოქვეყნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე გამოიცა კიდევ ერთი აქტი, რომელიც ამერიკის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებას სანქციების გზით ითვალისწინებს. დოკუმენტი რუსეთს სანქციებს უწესებს და ასევე ეხება რუსეთის ქმედებებს მისი მეზობლების, კერძოდ კი უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ.   

ახალი ბიუჯეტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს.

მსგავსი/Related

Back to top button