skip to content
ახალი ამბები

ადგილობრივი არჩევნების ძირითადი ვადები და პროცედურები


საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, 2017. ფოტო: ცესკო

21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი პირდაპირი წესით აირჩევა

ქვემოთ მოცემულია საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ დამტკიცებული საარჩევნო გრაფიკის ძირითადი ვადები და პროცედურები.

  • 22 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.
     
  • 25 აგვისტოს ამოიწურა ვადა იმისათვის, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებულ ან პარლამენტში წარმომადგენლობის მქონე პარტიას და საარჩევნო ბლოკს, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ცესკოსთვის მიემართა (სხვა პარტიებს ცესკოსთვის 2 აგვისტომდე უნდა მიემართათ). იმავე დღეს ამოიწურა რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანის ვადა იმ საინიციატივო ჯგუფებისათვის, რომლებსაც საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის წარდგენა სურდათ. 
     
  • 27 აგვისტოს ცესკომ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, მათ შორის ოლქების მიხედვით; დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ამომრჩევლებს 3 ოქტომბრის ჩათვლით მიეცათ ვადა, რათა გაეცნონ ამომრჩეველთა სიას და, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, სიაში ცვლილების შეტანა მოითხოვონ. 6 ოქტომბრიდან ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 
     
  • 1 სექტემბერს საინიციატივო ჯგუფებისათვის ამოიწურა ვადა შესაბამის საარჩევნო კომისიაში საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის წარსადგენად. ცესკომ 10 სექტემბერს დაასრულა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატების რეგისტრაცია, 11 სექტემბერს კი – მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაცია. 
     
  • 8 სექტემბერს ამოიწურა ვადა ცესკოს მიერ რეგისტრირებული პარტიებისათვის, საარჩევნო ბლოკში გაერთიანების ან ბლოკიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
     
  • 11 სექტემბერს ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურები დაასრულა, ასევე არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების და საინიციატივო ჯგუფების რიგითი ნომერი განსაზღვრა. 
     
  • არჩევნებზე რეგისტრირებულმა დამოუკიდებელმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა არაუგვიანეს 21 სექტემბრისა ცესკოს უნდა წარუდგინონ პარტიული სიები, ასევე – მერობის და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები.
     
  • 9 ოქტომბერს იწურება ვადა იმისათვის, რომ პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა და საინიციატივო ჯგუფმა გააუქმოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრობის ან მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. ამავე დღეს იწურება ვადა, რომ საკრებულოს წევრობის ან მერობის კანდიდატმა არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნას. 
     
  • ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა რეგისტრაციის მოთხოვნით ცესკოს არაუგვიანეს 11 ოქტომბრისა უნდა მიმართოს. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის განაცხადის წარდგენის ვადა 14 ოქტომბერს იწურება.
     
  • ამომრჩეველთა სიებში კორექტივების შეტანის შემდეგ, 16 ოქტომბერს, ცესკო ვალდებულია გამოაქვეყნოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის საბოლოო მონაცემები. 
     
  • 21 ოქტომბერს იმართება არჩევნები. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე იწყება და საღამოს 8 საათზე სრულდება, რასაც მოსდევს ხმების დათვლის პროცედურა. ამ დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია; აკრძალულია ასევე ტელევიზიებსა და რადიოებში საარჩევნო რეკლამის გაშვება.
     
  • საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 1 ნოემბრისა აჯამებენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერების არჩევნების შედეგებს (გარდა თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნებისა) და არაუგვიანეს მომდევნო დღისა შემაჯამებელ ოქმებს ცესკოს გადასცემენ. თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.
     
  • იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ნიშნავს მეორე ტურს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

მსგავსი/Related

Back to top button