ახალი ამბები

თბილისი ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ქართველი აქტივისტის დაკავებას გმობს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურის მიერ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, დაკავების ფაქტი დაგმეს. სამოქალაქო აქტივისტის დაკავებას თბილისში „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას“ და „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას“ უწოდებენ.
 
თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ და რადიო „თავისუფლების“ შტატგარეშე ჟურნალისტია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ 16 აგვისტოს დააკავა. 17 აგვისტოს ის გაათავისუფლეს, თუმცა 18 აგვისტოსთვის დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს. მეარაყიშვილის თქმით, იგი ეჭვმიტანილია სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ წინააღმდეგ ცილისწამებაში. როგორც მეარაყიშვილის ქალიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს 17 აგვისტოს განუცხადა, ოსმა სამართალდამცველებმა დედის სახლი გაჩხრიკეს და ძველი დოკუმენტები ამოიღეს.
 
თამარ მეარაყიშვილი ხშირად წერს ახალგორში არსებულ პრობლემებზე და ცნობილია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიმართ.
 
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მეარაყიშვილის დაკავება შეაფასა, როგორც „უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლა და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“.

„ეს დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. შემაშფოთებელია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლამ რეგულარული ხასიათი მიიღო“, – ნათქვამია 16 აგვისტოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
„იქნება ეს ეთნიკური წმენდა, ქართველების ჩაგვრა, ქართული ენის სწავლების აკრძალვა, ჩვენი აქტივისტების თუ მოქალაქეების გატაცება, ეს ყველაფერი არის ოკუპაციური რეჟიმის სახის გამოვლინებები,“ – განაცხადა 17 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ. მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ დავგმოთ ეს ფაქტი, საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმოს აქტიურად ეს ქმედება, რაც მთავარია, ჩვენ ყველამ ვიზრუნოთ, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს შესაბამისად დაცული“.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი მეარაყიშვილის დაკავებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამარ მეარაყიშვილს, მის ოჯახს და ყველა ოჯახს, რომელიც ცხოვრობს დღეს მავთულხლართებს მიღმა, მათ შორის ახალგორის რაიონში, ჰქონდეთ უსაფრთხო ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა და სამოქალაქო აქტიურობისთვის სივრცე. ეს არის მათი უფლება“, – განაცხადა ციხელაშვილმა 17 აგვისტოს.

ქართველი აქტივისტის დაკავებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. ისინი საუბრობენ რისკზე, რომ შესაძლოა მეარაყიშვილის მიმართ „მიმდინარე სისხლის სამართლებრივმა დევნამ თვითნებური და დისკრიმინაციული ხასიათი შეიძინოს“.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის, მოლაპარაკებების ფორმატები, საერთაშორისო ორგანიზაციების რესურსი თ. მეარაყიშვილისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის  უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. 

მეარაყიშვილის უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად, არასამთავრობოები საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთსა და ცხინვალის ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის, დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებას სთხოვენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მეარაყიშვილზე ზეწოლას ახორციელებს. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ივლისში, იგი ასევე დაიბარეს ოკუპირებული რეგიონის პროკურატურაში, რაც, როგორც მეარაყიშვილმა თავად აღნიშნა, მის დაშინებას ისახავდა მიზნად.   

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button