skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის წლიური ანგარიში საქართველოს რელიგიური თავისუფლების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია „რელიგიის სრულ თავისუფლებას“ უზრუნველყოფს და ეკლესიას და სახელმწიფოს ერთმანეთისგან მიჯნავს, კანონმდებლობა და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ისეთ პრივილეგიებს ანიჭებს, რომლებიც სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის არ არის გათვალისწინებული, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომელიც 15 აგვისტოს გამოქვეყნდა

„კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში, თუმცა განსაზღვრავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს სახელმწიფოსგან და ურთიერთობებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება (ე.წ. კონკორდატი) უნდა განსაზღვრავდეს“, ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც კონკორდატი რიგ უფლებებს ანიჭებს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლითაც სხვა რელიგიური ჯგუფები არ სარგებლობენ.  

ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში ხელისუფლებამ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების 19 შემთხვევა გამოიძია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი კვლავ რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაში ხელისუფლების არაეფექტურობაზე საუბრობენ.

„არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები კვლავ გამოთქვამდნენ წუხილებს ხელისუფლების ქმედებებზე, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სალოცავების მშენებლობას რელიგიური უმცირესობებისთვის და მხარს უჭერდა მართლმადიდებელ ეკლესიას საბჭოთა დროს სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, „რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული რელიგიური უმცირესობების უფლებების სასარგებლოდ, მათი სალოცავების და სკოლების აშენების თაობაზე; სულ ცოტა ერთმა რელიგიურმა ჯგუფმა, იეჰოვას მოწმეებმა, გახსნა ახალი სალოცავი“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების წევრებისთვის პირველი მუსულმანური სალოცავი გახსნა, თუმცა ციხეებში სალოცავები მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს.

დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები რელიგიურ საქმიანობაზე გრძელდებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, „რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა რჩებიან“.

„დე ფაქტო ხელისუფლებამ მართლმადიდებელ სამღვდელოებას აფხაზეთის გალის რაიონში მდებარე ოთხ ეკლესიაში წირვების ჩატარების უფლება არ მისცა და ეთნიკურ ქართველებს მშობლიურ ენაზე ჩატარებულ წირვაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ“, – ნათქვამია ანგარიშში. 

დოკუმენტის თანახმად, „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიღმა მცხოვრებ პირებს ამ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება არ აქვთ, მათ შორის იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრების საფლავები მოინახულონ“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის შესახებ. იეჰოვას მოწმეებმა მათ წევრებზე 11 ფიზიკური თავდასხმის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.  „რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები კვლავ იტყობინებოდნენ საზოგადოებაში გავრცელებული რწმენის თაობაზე, რომლის თანახმადაც რელიგიური უმცირესობები საფრთხეს უქმნიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქვეყნის კულტურულ ღირებულებებს. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მართლმადიდებლური სამღვდელოება კვლავაც უწყობდა ხელს საზოგადოების მტრულ დამოკიდებულებას რელიგიური უმცირესობების მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მედიის განვითარების ფონდმა ქართულ მედიაში რელიგიურ თემაზე გაკეთებული სულ ცოტა 69 არატოლერანტული განცხადება დააფიქსირა. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია აშშ-ის ელჩი და საელჩოს თანამშრომლები რეგულარულად ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობასა და რელიგიურ უმცირესობებს შორის.

მსგავსი/Related

Back to top button