Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო სანქციების შესახებ აშშ-ის კანონში

პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა 2 აგვისტოს ხელი მოაწერა კანონპროექტს – „ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნებისთვის, სანქციების მეშვეობით, წინააღმდეგობის გაწევის აქტს“, რომელიც რუსეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციებს უწესებს.

სანქციების შესახებ კანონმა ამერიკის კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტიის ერთსულოვანი მხარდაჭერა დაიმსახურა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 25 ივლისს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ 419 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო, 27 ივლისს კი – სენატმა 98 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცა.  

კანონპროექტი ძალაში 2 აგვისტოს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ შევიდა. 

სანქციების შესახებ კანონი აშშ-ის კონგრესს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაბლოკოს პრეზიდენტის ნებისმიერი ინიციატივა ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსაც ადგენს. ამავდროულად, ახალ შეზღუდვებთან ერთად, კანონში შესულია ის სანქციებიც, რომელიც აქამდე პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე მოქმედებდა. ამასთან, კონგრესის მიერ დადგენილი სანქციების ნაწილი სავალდებულოა, ნაწილს კი პრეზიდენტი თავისი დისკრეციის ფარგლებში გამოიყენებს. 

სანქციების შესახებ კანონი, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოში შექმნილ ვითარებასაც ეხება. მასში ნათქვამია, რომ რუსეთი „2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიით, 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციით და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მადესტაბილიზებელი ქმედებებით“ განაგრძობს 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტის რღვევას, რომელიც საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს ადგენს. 

სანქციების შესახებ კანონში ასევე აღნიშნულია, რომ „რუსეთის ფედერაციის მთავრობა დღემდე უგულებელყოფს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას, რომელიც საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას, ასევე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული ჯგუფების და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაშვებას ითვალისწინებს“. 

კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის მთავრობას, „გაიყვანოს ჯარები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებიდან; ამ ტერიტორიებზე საზღვრების კონტროლი შესაბამის მთავრობებს გადასცეს; ასევე – შეწყვიტოს ძირგამომთხრელი საქმიანობა ამ ქვეყნებში ხალხის მიერ არჩეული მთავრობების მიმართ“.

სანქციების შესახებ კანონი სხვა საფრთხეებზეც მიუთითებს. კანონში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მთავრობა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა და იყენებს ტრადიციულ ძალას, სადაზვერვო ოპერაციებს, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების კამპანიებს, რაც აშკარა და რეალურ საფრხეებს უქმნის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს“.

კანონი მოუწოდებს „ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფოებს“, რუსეთისგან მომავალი ზეწოლის პასუხად, „გააორმაგონ ძალისხმევა თავიანთი ინსტიტუტების, პოლიტიკური სისტემებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის უნარის გასაძლიერებლად“.

რუსეთის ზეგავლენასთან ბრძოლის ფონდი

რუსეთისთვის სანქციების დაწესების გარდა, კონგრესის მიერ მიღებული აქტი 2018-2019 საბიუჯეტო წლებში რუსეთის ზეგავლენასთან ბრძოლის ფონდისთვის 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 

აღნიშნული ფონდის მიზანია, რუსეთის ზეგავლენისადმი პოტენციურად მოწყვლადი ქვეყნების, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ასევე „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ან ევროკავშირის გაფართოების პროცესებში ჩართული ქვეყნების“, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერა. 

რუსეთის ზეგავლენასთან ბრძოლის ფონდი დაეხმარება აღნიშნულ ქვეყნებს კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმების კიბერ-თავდასხმებისგან დაცვაში, ჩართულობაზე ორიენტირებული საკანონმდებლო პროცესების გაუმჯობესებაში, ასევე – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებაში. 

ფონდი ასევე იმუშავებს „რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილ ან  გამწვავებულ“ ჰუმანიტარულ კრიზისებთან და არასტაბილურობასთან გასამკლავებლად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button