ახალი ამბები

სტოლტენბერგი ცხინვალის რეგიონში ბორდერიზაციის გამო „შეშფოთებულია“

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, 13 ივლისს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვის საკითხს შეეხო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კითხვის საპასუხოდ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ როგორც ნატოს გენერალურ მდივანს „შემიძლია განვაცხადო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ“.

„ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები უკვე რამდენჯერმე გადმოწიეს; ჩვენ არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ან ქვეყნებად. ისინი საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი მხარს უჭერს „ყველა ძალისხმევას, რათა მოლაპარაკებების გზით გამოინახოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზები“  და განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, ასევე დაეხმარება ქვეყანას საკუთარი შესაძლებლობების მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button