Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ლიდერებმა მუსლიმ მოსახლეობას რამადან-ბაირამი მიულოცეს

საქართველოს ლიდერებმა ქვეყნის მუსლიმ მოსახლეობას რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს და „საერთო ქვეყანაში“ მათ როლსა და წვლილს გაუსვეს ხაზი.  
 
„გულითადად გილოცავთ რამადანის ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას – სულიერი განწმენდისა და სიკეთის გამარჯვების უდიდეს დღესასწაულს, რომელსაც ყველა თქვენგანი განსაკუთრებით აღნიშნავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 25 ივნისს.
 
„მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს საქართველოს აღმშენებლობაში. ამიტომ თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია“, – დასძინა მან.
 
„ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი თანაცხოვრების ისტორია საუკუნეებს ითვლის; ჩვენ გვაკავშირებს დიდი მეგობრობა და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 25 ივნისს. „ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი სიახლოვე და ურთიერთპატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა“, – დასძინა მან. 
 
კვირიკაშვილმა „საერთო სამშობლოს“ შესახებ იფთარზეც ისაუბრა, სადაც 23 ივნისს მუსლიმ თემს და საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს უმასპინძლა. „თქვენი როლი ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი… დღესაც, თითოეული ქართველი მუსლიმანი დგას სამშობლოს სადარაჯოზე და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში“. 
 
„მე მეამაყება, რომ  ჩვენი ხელისუფლების პერიოდში დაიწყო მუსლიმანი თემის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა და თანადგომა", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის მუსლიმან მოსახლეობაზე გათვლილი სამთავრობო პროგრამები ჩამოთვალა. „მეოთხე წელია მიმდინარეობს მუსლიმანი თემისა და კიდევ რამდენიმე რელიგიური გაერთიანების, კომუნისტური რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით დაფინანსება; გრძელდება მეჩეთებისა და სხვა საკულტო ნაგებობების რეგისტრაცია, სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები; რამდენიმე საჯარისო ნაწილში გაიხსნა სამლოცველოები მუსლიმანი ჯარისკაცებისთვის“, – განაცხადა მან.
 
ანალოგიური გზავნილები გაახმოვანა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც 25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. „საუკუნეებია, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ვშრომობთ ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის, ვიზიარებთ ერთმანეთის სიხარულსა და მწუხარებას. ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად, მთელი საქართველოც ზეიმობს“, – ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
 
საქართველოში 2014 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით, 398 677 ადამიანი (10.7%) ისლამის მიმდევარია. ქვემო ქართლსა და აჭარაში მათი რაოდენობა, შესაბამისად, 42.9%-ს და 39.7%-ს შეადგენს.

მსგავსი/Related

Back to top button