ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-40 რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართა, სადაც მოსკოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობას. 

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში მონაწილეობენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ცხინვალიდან და სოხუმიდან.

უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლება „კვლავ მწვავედ დააყენეს რუსეთის ანექსიის პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სივრცეში ეტაპობრივ ინტეგრაციაში.  მათ შორის აღინიშნა ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმისა და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა“. ამას გარდა, ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშულა, რომელიც საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსეთს ძალის არგამოყენების ვალდებულება ეკისრა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქართული მხარემ დააყენა, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებები იყო.

„მონაწილეებმა საქართველოდან აღნიშნეს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე წინასწარ ახმოვანებენ ავლევის, ორჭოსანისა და წითელუბნის სოფლებში დამატებითი ხელოვნური ბარიერების აღმართვის გეგმებს. მათ მოუწოდეს თანათავმჯდომარეებს, აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრევენციული ზომების მიღებისკენ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრის დროს ქართული მხარის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობაზე. „მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გეგმები, გალის მსგავსად, ახალგორის სკოლებშიც შეზღუდონ მშობლიურ ენაზე სწავლება, რაც ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ბავშვების განათლების ხარისხზე“, – ნათქვამია განცხადებაში.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა განცხადებაში, რომ მისმა დიპლომატებმა დაგმეს „საქართველოს პოლიტიკური აგრესიულობა“ და ყურადღება გაამახვილეს  დევნილების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტებზე.

რუსულმა მხარემ „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა ნატოსთან საქართველოს მზარდი თანამშრომლობის გამო. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია, რომელიც 29 მაისს ასამბლეის თბილისის სხდომის დროს იქნა მიღებული, „ამიერკავკასიაში არსებული სიტუაციის მიმართ ნატოს შაბლონური და ცალმხრივი მიდგომების დემონსტრირებაა“.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ „ამგვარმა სიტუაციამ სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ძალის არგამოყენების თაობაზე ჟენევის დისკუსიების მონაწილეების ერთობლივი განცხადების პროექტის განხილვის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს პირველ რეალურ ნაბიჯს ამ საკითხზე ორმხრივი შეთანხმებების ხელმოსაწერად, ერთი მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“.

ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარები დიდწილად ეხმიანებოდა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას. ერთობლივ განცხადებაში, ცხინვალმა და სოხუმმა დევნილების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია გააკრიტიკეს და „ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერა“ მოითხოვეს, რასაც საბოლოოდ უნდა მოყვეს „სამშვიდობო ხელშეკრულება ერთი მხრივ საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის“.

აშშ-ის დელეგაციამ მოლაპარაკებებზე დაგმო სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გასამართლებული რაშიდ კანჯიოღლის მიმართ აღძრული საქმის შეწყვეტის თაობაზე და განაცხადა, რომ „ამ გადაწყვეტილებას აქვს პოტენციალი, რომ ჟენევის დისკუსიებს ძირი გამოუთხაროს“. აშშ-ის წარმომადგენლებმა ასევე დაგმეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებზე ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ის  „საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად“ შეაფასეს.

აშშ-მა მოუწოდა მხარეებს განაგრძონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების შესახებ ურთიერთშეთანხმებული განცხადების მისაღებად. აშშ-ის წარმომადგენლებმა სინანული გამოხატეს იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა დევნილთა საკითხის განხილვა, ვინაიდან რუსეთის დელეგაციამ და ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლებმა შეხვედრა მაშინვე დატოვეს, როგორც კი საუბარი ამ საკითხს შეეხო.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის ხელახლა დაწყებისა და ძალის არგამოყენების განცხადებაზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 10-11 ოქტომბერს დაიგეგმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button