ახალი ამბები

ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცებაზე რეზოლუცია მიიღო


აფგან მუხთარლი. ფოტო: facebook.com/efqan.muxtarli

ევროპარლამენტმა 15 ივნისს გამართულ პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების თაობაზე რეზოლუცია მიიღო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და ერთი დღის შემდეგ ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული.  

რეზოლუცია სათაურით „აფგან მუხთარლის საქმე და მედიის მდგომარეობა აზერბაიჯანში“, რომელიც 93 ევროპარლამენტარის ავტორობით მომზადდა, აზერბაიჯანში „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და „კატეგორიულად გმობს აფგან მუხთარლის გატაცებას თბილისში და შემდეგ მის დაუსაბუთებელ დაკავებას ბაქოში, რასაც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს და გმობს კანონის დარღვევის ამ მძიმე აქტს“.

ევროპარლამენტი „კატეგორიულად გმობს აფგან მუხთარლის გასამართლებას ყალბი ბრალდებების წაყენების შემდეგ“ და „მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დაუყონებლივ და უპირობოდ მოუხსნას მას ბრალდებები და გაათავისუფლოს პატიმრობიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება საქართველოს, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს აფგან მუხთარლის საქმეზე „სწრაფი, საფუძლიანი, გამჭირვალე და ეფექტური გამოძიება“ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ  „დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს“.

აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადების საპასუხოდ, რომ ის „ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა უცნობმა პირებმა დააკავეს“, რეზოლუცია ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალღონე არ უნდა დაიშუროს იმისათვის, რომ გააქარწყლოს ნებისმიერი ეჭვი ძალადობრივ გაუჩინარებაში საქართველოს პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონცენციის თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოება და აღკვეთოს მათი ძალადობრივი დაბრუნება თავიანთ სამშობლოში.  

„საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია, უზრუნველყოს მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეების დაცვა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რომელთაც საკუთარ ქვეყნებში განხორციელებული უფლებადამცველი ან პოლიტიკური საქმიანობების გამო მკაცრი სასამართლო პროცესები ელოდებათ“.

დეპუტატებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიმართებაში, რათა  ჟურნალისტმა საკუთარ ოჯახში დაბრუნება შეძლოს.  

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button