skip to content
ახალი ამბები

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ცხინვალს სტუმრობს და „უფრო ღრმა“ ინტეგრაციაზე საუბრობს


ვლადისლავ სურკოვი და ანატოლი ბიბილოვი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე, 9 ივნისი, 2017. ფოტო: ადგილობრივი ტელეკომპანია IR

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს კურირებს, 8-9 ივნისს ცხინვალს ესტუმრა და სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის ფედერაციაში რეგიონის შემდგომი ინტეგრაციის საკითხიც განიხილა.

სურკოვმა, რომელიც ორივე რეგიონის ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობს, შეხვედრები გამართა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ანატოლი ბიბილოვთან, ასევე ახალ მთავრობასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან პიოტრ გასიევთან.

8 ივნისს ანატოლი ბიბილოვთან გამართულ შეხვედრაზე ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობის მიზანი საბოლოოდ უნდა იყოს „საერთო კულტურული, სამართლებრივი, თავდაცვის, ეკონომიკური სივრცის“ ჩამოყალიბება. სურკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მიზანი „რეალისტურია“ და ის თავის დროზე იქნება მიღწეული.

მან ასევე განაცხადა, რომ ანატოლი ბიბილოვის არჩევით სამხრეთ ოსეთში „ახალი ერა“ იწყება და მადლობა გადაუხადა ბიბილოვს რუსეთთან ცხინვალის ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის. „თქვენ ბრძანდებით პრეზიდენტი; შესაბამისად, ალბათ რაღაც კორექტირება გაკეთდება პოლიტიკაში, იქნება ეს ეკონომიკური, თუ რუსეთთან ინტეგრაციის პოლიტიკა, ან სახელმწიფოს მშენებლობის სხვა მიმართულებები. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ მივიღოთ ეს სიახლეები, ერთად განვიხილოთ ისინი და ვფიქრობ, რომ ძირითადად, მხარს დავუჭერთ მათ, რადგანაც დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ“, – განაცხადა სურკოვმა.

სეპარატისტული რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის თაობაზე სურკოვმა პარლამენტშიც ისაუბრა. პუტინის თანაშემწემ ხაზი გაუსვა, რომ „ინტეგრაცია უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი“ უნდა იყოს, რადგანაც ინტეგრაციის არსებული დონე „შორსაა იდეალურისგან, ინტეგრაციის იმ დონისგან, რომლისკენაც რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ობიექტურად ისწრაფვიან“.

„ჩვენ სკეპტიკოსებიც გვყავს [რუსეთში], რომლებიც ფიქრობენ, რომ [ინტეგრაციის] არსებული დონე უკვე საკმარისია და შეგვიძლია ამაზე გავჩერდეთ, თუმცა უფრო ჭარბობს ის პოზიცია, რომ უფრო მჭიდრო, ახლო თანამშრომლობაა საჭირო, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის მეტი უსაფრთხოებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდისთვის“, – განაცხადა სურკოვმა და დასძინა, რომ მოსკოვი შეეცდება, რომ რეგიონში ცხოვრების დონე რუსეთისას დაუახლოვოს.

„ამ საქმეში თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – მიმართა სურკოვმა დეპუტატებს. „მაშინ [როდესაც მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა] მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის [ანატოლი ბიბილოვი ამ პოსტზე 2014-2017 წლებში მსახურობდა] მხარდაჭერის და პრინციპული პოზიციის წყალობით მოხდა, რომ მოვახერხეთ ხელშეკრულების იმ ვერსიაზე შეთანხმება, რომელიც რუსეთისთვის სასურველი იყო“, – განაცხადა სურკოვმა.

სურკოვმა დასძინა, რომ ცხინვალსა და მოსკოვს შორის ხელშეკრულებაზე მუშაობა გაგრძელდება და რიგი ახალი კანონების მიღება და რატიფიცირება იქნება საჭირო.

ცხინვალში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სურკოვმა და ბიბილოვმა ერთად მოინახულეს რიგი ობიექტები, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის დაფინანსებით შენდება, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სამების ტაძარი ცხინვალში. მათი თანათავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის და ცხინვალის ოფიციალური პირების შეხვედრები, რომლებიც სასტუმრო „ირისტონის“ რეკონსტრუქციის და ადგილობრივი თეატრის მიმდინარე მშენებლობის საკითხებს მიეძღვნა.

ცხინვალში ვლადისლავ სურკოვთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ დენის ტრავინი, დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე და ალექსეი ფილატოვი, ამავე სამმართველოს მთავარი მრჩეველი.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button