Placeholder canvas

საერთაშორისო უფლებადამცველები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების საქმის სრული გამოძიებისკენ მოუწოდებენ

ოცდასამმა საერთაშორისო უფლებადამცველმა და მედიის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის Reporters Without Borders და Human Rights Watch-მა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს, რომელშიც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ პატივი სცეს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმის სრული გამოძიება აწარმოოს.

„გწერთ, რათა ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ 29 მაისს თბილისში დევნილობაში მცხოვრები აფგან მუხთარლის გატაცების გამო. იგი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც საღამოს კოლეგებს დაშორდა, რის შემდეგაც მომდევნო დღეს ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პატიმრობაში აღმოჩნდა“, – ნათქვამია წერილში.

„ეს სამწუხარო განვითარება არა მხოლოდ აფგან მუხთარლის უქმნის წამების და ხანგრძლივი პატიმრობის რისკს, არამედ შემაშფოთებელ პრეცედენტს ქმნის და საფრთხეს უქმნის ათობით სხვა აზერბაიჯანელს, რომლებიც საქართველოში დევნილობაში ცხოვრობენ“, ნათქვამია წერილში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლის „გატაცება და უკანონო დეპორტაცია“ აზერბაიჯანში, „მაშინ როდესაც მისთვის საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე პროცესი მიმდინარეობს, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“ და „ეს შავი ლაქაა საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვის საქმეში ლიდერის რეპუტაციისთვის“.

ორგანიზაციები მიესალმნენ საქმეზე გამოძიების დაწყებას და იმედი გამოთქვეს, რომ ეს „ნათელს მოფენს გამტაცებლების ვინაობას და დაადგენს საქართველოს ხელისუფლების პოტენციურ როლს იმაში, თუ რაც მოხდა“. „საჭიროა მკაფიო გზავნილის გაგზავნა იმასთან დაკავშირებით, რომ მეზობელი სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ქმედებების განხორციელება არ იქნება დაშვებული და რომ ნებისმიერი საჯარო მოხერე, რომელიც საერთაშორისო სამართლის ამ მძიმე დარღვევებში მიიღებს მონაწილეობას, კანონის წინაშე აგებს პასუხს“.       

   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button