კონსტიტუციის პროექტზე საპარლამენტო განხილვები იწყება

საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის პროექტზე განხილვების დაწყებას მიმდინარე კვირას გეგმავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 5 ივნისს.

მისი თქმით, საყოველთაო განხილვების შემდეგ კონსტიტუციის პროექტს საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ, რის შემდეგაც პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოხდება მისი პირველი მოსმენით განხილვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დეპუტატები პლანერულ სხდომებზე პროექტის განხილვების დაწყებას 12 ივნისიდან გეგმავდნენ, თუმცა „ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა დაინიშნა 16 ივნისს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას“.

კობახიძემ განმარტა, რომ პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს პირველი და მეორე მოსმენებით ივნისის ბოლომდე განიხილავს, ხოლო მესამე მოსმენით პროექტი  პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება განხილული. 

ქართული ოცნების და პირადად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მხარდაჭერილ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. კომისიის მუშაობას და შემდგომ საყოველთაო განხილვებს ოპოზიციის კრიტიკა ახლდა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას გეგმავდა, რომელიც მის ძალაუფლებაში ყოფნას კიდევ უფრო გააძლიერებდა. განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მინიჭების საკითხები გახდა.      

 

Back to top button