ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების გამო შეშფოთებულია

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკსმა 31 მაისს Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც „გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში გაიტაცეს და ძალით წაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდისთვის ბრალი წარუდგინეს“.

„აფგან მუხთარლი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი დატოვა, საიდანაც ხელისუფლების მიერ კრიტიკული შეხედულებების გამო განხორციელებულ რეპრესიებს გამოექცა“, – განაცხადა მუჟნიეკსმა. „მისი ადვოკატის თქმით, მუხთარლი ადასტურებს, რომ მას ფული გამტაცებლებმა ჩაუდეს და ასევე აცხადებს, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ“.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ხაზი გაუსვა, რომ „ძალიან სერიოზული ბრალდებები არსებობს, რომლებიც უდიდეს ყურადღებას და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც მოვლენების ეფექტური, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩაატაროს და საჭირო ზომები მიიღოს გამოძიების შედეგების შესაბამისად“.

იმავდროულად, განაგრძო მუჟნიეკსმა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს მუხთარლი და უზრუნველყოს, რომ მისი უფლებები, მათ შორის წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვა, სრულად იქნება დაცული“.

მსგავსი/Related

Back to top button