ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო


ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი სესიაზე სიტყვით გამოდის, 29 მაისი, 2017. ფოტო: nato.int

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 მაისს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. კენჭისყრა დეკლარაციის მისაღებად 26-29 მაისს თბილისში გამართული ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს გაიმართა.

დეკლარაციაში ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ „ყველა იმ ევროპული დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომლებიც ჩვენი ალიანსის ღირებულებებს იზიარებენ, ასევე სურვილი აქვთ და მზად არიან წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისრონ“. დეკლარაციის თანახმად, ნატოს წევრობის გადაწყვეტილებაზე „მესამე ქვეყანა გავლენას ვერ მოახდენს“.

საპარლამენტო ასამბლეამ ასევე დაადასტურა „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და 2008 წლის 3 აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის დებულებები გაიხსენა, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასამბლეის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა „საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში“, მათ შორის ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში და ნატოს რეაგირების ძალებში მნიშვნელოვანი მონაწილეობის გზით, ასევე „ქართველი ხალხისა და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უწყვეტი მხარდაჭერის მაღალ დონეს“. დოკუმენტი ხაზს უსვამს „შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში“.

დოკუმენტი მიესალმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, და ამ პაკეტის განხორციელებაში მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი აღიარა.

საპარლამენტო ასამბლეამ შეაქო საქართველო იმ „თანმიმდევრული და მნიშვნელოვანი პროგრესისთვის“, რომელსაც ქვეყანამ „დემოკრატიის გაძლიერების, მისი ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის მიაღწია“, თუმცა აღნიშნა, რომ „შემდგომი ძალისხმევაა საჭირო კანონის უზენაესობის, ძალაუფლების გადანაწილების სისტემის გაძლიერებისთვის, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის“.

დეკლარაცია ასევე ადასტურებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მის სააერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს „საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას“, ასევე „ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიან დარღვევებს ოკუპირებულ რეგიონებში“. დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავი შეიკავოს რაიმე პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან საქართველოს მიმართ.

მან ასევე დაგმო „რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევა, ასევე რუსეთის მიერ ამ რეგიონების დე ფაქტო ანექსია და სამხედრო ძალების ინტენსიური ზრდა ამ ტერიტორიებზე“ და დასძინა, რომ რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის უფრო ფართო რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას.

საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა „საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან დაძაბულობის დე-ესკალაციას ისახავს მიზნად“, მათ შორის მის „კონსტრუქციულ მონაწილეობას“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

ასამბლეამ მოუწოდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ძლიერი მხარდაჭერა, დაეხმარონ საქართველოს მომავალში MAP-ის მინიჭებისთვის პირობების შექმნაში და ხელი შეუწყონ ქვეყანას ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში, რომელთა შორისაა „პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანიები, რაც პრო-დასავლური სტრატეგიული კურსის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის დაკარგვას ისახავს მიზნად“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართა, რომელსაც ნატოს მოკავშირეების და 21 პარტნიორი ქვეყნის პარლამენტების წევრები დაესწრნენ. ეს მხოლოდ მეხუთე შემთხვევა იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 60-წლიან ისტორიაში, როდესაც მისი სხდომა არაწევრ ქვეყანაში გაიმართა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაპირისპირების აუცილებლობა; თავდაცვის ტვირთის გადანაწილება; ალიანსის როლი ავღანეთში; კლიმატის ცვლილების შედეგები უსაფრთხოების კუთხით; გეოპოლიტიკური ცვლილებები არქტიკაში; სოციალური მედიის გავლენა; ტერორიზმი; ასევე ომები სირიასა და ერაყში.

თავის ყოველწლიურ საშემოდგომო სესიას ასამბლეა 6-9 ოქტომბერს ბუქარესტში გამართავს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button