ახალი ამბები

საქართველოს ლიდერებმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართეს


ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი (მარცხნიდან მეორე), პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,  29 მაისი, 2017. ფოტო: nato.int

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, რის შემდეგაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოეწერა ხელი.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის გაზაფხულის სესიის თბილისში გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ალიანსის ეს ჟესტი დაინახეს როგორც საქართველოს მოკავშირეებმა, ასევე საქართველოს არამეგობარმა ქვეყნებმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კოორდინირებული რეაგირებისკენ მოუწოდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც როგორც ნატოს, ისე თავისუფლების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ღირებულებების წინაშე დგას. მან განაცხადა, რომ „საქართველო ამ პროცესში ნამდვილად არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე“. მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების შემდეგ, „ჩვენ ყოველთვის ვიდექით ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ვიცავდით გლობალურ სტაბილურობას“.

პრეზიდენტმა შეახსენა აუდიტორიას, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და რომ ქვეყანას „ჰყავს ეთნიკური ნიშნით დევნილი მოსახლეობა“. „საქართველოს ოკუპაცია, რეალურად არ დაწყებულა 2008 წელს, ის დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში და ამ ოკუპაციას ჰქონდა ის ფორმა, რომელსაც დღეს ჰიბრიდულ ომს ვუწოდებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ამ ურთულეს ვითარებაში და ამ ურთულეს ფონზე ჩემი ქვეყანა ვითარდება ბოლო 25 წელია. მიზანმიმართულად ვითარდება, როგორც დემოკრატია, მიზანმიმართულად ვითარდება თავისუფალი საზოგადოებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ახორციელებს „უაღრესად სტაბილურ და რაციონალურ პოლიტიკას იმისთვის, რომ არ გავაღრმავოთ კრიზისი და რეგიონისთვის ვიყოთ ერთერთი სტაბილურობის შემომტანი და გარანტი“.

თავისი სიტყვა საქართველოს პრეზიდენტმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ჩვენ მოთმინებით ველით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით“.

ასამბლეის სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის თქმითაც საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვა „საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირება“ და „მართლაც მკაფიო გზავნილია ჩვენი ხალხისთვის“.

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა. ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი ალიანსთან და მივაღწიეთ პრაქტიკული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეს ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება ნატოს გადაწყვეტილებას, მის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით, გააძლიეროს სამხედრო მზადყოფნა და უკვე აცნობა ალიანსს, რომ მზად არის ამ მხრივ წვლილი შეიტანოს ნატოს ძალისხმევაში.

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ევროკავშირში საქართველოს წევრობის მისწრაფებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს „ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩება სასურველი მიზნის მისაღწევად“.

კვირიკაშვილი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასაც შეეხო, რაც, მისი თქმით, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ევროპისა და აზიის დაკავშირების „უნიკალურ შესაძლებლობებს“ იძლევა. მისი თქმით, საქართველო სანდო სატრანზიტო პარტნიორი და „სატრანსპორტო ღერძის წამყვანი ქვეყანაა, რომელიც აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე და მის მილიტარიზაციაზე, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ყირიმის უკანონო ანექსიამ, რომელსაც შედეგად მოჰყვა დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და გავლენის სფეროთა გადანაწილება, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობანი ევროპის მშენებლობაში მიღწეული უდიდესი პროგრესის, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების უდიდესი მონაპოვრის, გაქარწყლებას ისახავს მიზნად“.

კვირიკაშვილის თქმით, ამ გამოწვევებზე დასავლეთის ერთადერთი ქმედითი პასუხი უნდა იყოს „მეტი ერთობა და სიმტკიცე თავისუფლებისა და სხვა ფუძემდებლური ღირებულებების დაცვის საკითხში, ღია კარის პოლიტიკა და შესაბამისი სურვილის მქონე ევროპული ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერა“. თავისი გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ „საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას“.

ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნატოს და მის წევრ სახელმწიფოებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა „ყოველთვის გრძნობდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ნატოში გაწევრიანების სურვილი“.

კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი ქართველი ხალხის „ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა“.

„საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიით და ბოლოს, მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „მოსკოვი ცდილობს ადამიანები და ხალხები დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში“.

თავისი გამოსვლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს გაერთიანებისკენ მოუწოდა „თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართა, რომელსაც ნატოს მოკავშირეების და 21 პარტნიორი ქვეყნის პარლამენტების წევრები დაესწრნენ. ეს მხოლოდ მეხუთე შემთხვევა იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 60-წლიან ისტორიაში, როდესაც მისი სხდომა არაწევრ ქვეყანაში გაიმართა.

თავის ყოველწლიურ საშემოდგომო სესიას ასამბლეა 6-9 ოქტომბერს ბუქარესტში გამართავს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button