ახალი ამბები

ალასანია: ‘ღია დიალოგს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჩვენი არაკეთილმოსურნე’

დიალოგი ცხინვალთან და სოხუმთან და ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობა მთავარი ელემენტებია, რომლის მეშვეობითაც „პოლიტიკური მოწესრიგება“ უნდა იქნას მიღწეული და ამას ხელს ვერავინ შეუშლის, მათ შორის ვერც რუსეთი, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 9 აგვისტოს.

„ღია დიალოგს ეწინააღმდეგებოდა ყოველთვის ჩვენი არაკეთილმოსურნე, რომ არ შემდგარიყო შინაარსიანი კონტაქტი, შერიგება და ნდობის აღდგენა არ მომხდარიყო მხარეებს შორის. ეს იყო პრობლემა 20 წლის განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკა, რომელიც ახლა ავირჩიეთ – ადამიანური ურთიერთობების აღდგენა, საზოგადოებებს შორის ხიდების აღდგენა და სახალხო დიპლომატია – არის ის საფუძველი, რაზეც შემდგომი პოლიტიკური მოწესრიგება უნდა დაფუძნდეს და ამას ვერც რუსეთი და ვერც ერთი სხვა მხარე ვერ შეუშლის ხელს“, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს, როდესაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც „ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან“ პირდაპირ დიალოგში ჩართვის მზადყოფნა გამოხატა.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button