ახალი ამბები

ჯიოევა ‘არჩევნებში მიღწეული გამარჯვების დაცვის’ პირობას დებს

  • „ცოტათი ნაწყენი ვარ რუსეთზე“;
  • „კოკოითს ჩემი გამარჯვების მოპარვა უნდა“.

ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ, რომელმაც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გაბათილებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო, განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს თავისი გამარჯვების „მოპარვას“ და დაიცავს მას, მათ შორის ქუჩის აქციების გზით.

„არის მცდელობა, რომ ეს გამარჯვება მოგვპარონ. სამხრეთ ოსეთის ხალხმა მე ამირჩია, მაგრამ ამჟამინდელ პრეზიდენტს არ სურს ხელისუფლების გადაცემა ცივილური გზით“, – განაცხადა მან ჟურნალ Forbes-ის რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში, რომელიც მის ვებგვერდზე 29 ნოემბერს გამოქვეყნდა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სეპარატისტული რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გაუქმდა, სადაც ჯიოევამ მოსკოვის მიერ ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი, ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა, „სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდებოდა“.

„მე ხელთ მაქვს საარჩევნო კომისიების 85 ოქმი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არანაირი სერიოზული დარღვევები არ ყოფილა აღმოჩენილი, ამას ხელს აწერს საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ამას ხელს აწერენ ბიბილოვის წარმომადგენლები და ჩემი წარმომადგენლები [უბნებზე]“, – განაცხადა ჯიოევამ.

„ის ხმები, რომლებიც ჩემმა ოპონენტმა მოაგროვა არის ადმინისტრაციული რესურსის ხმები, ეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსები და უდავოდ, რუსეთის ფედერაციის მძიმე პოლიტიკური არტილერია“, – განაცხადა მან.

კითხვაზე მოუწოდებს თუ არა ის თავის მხარდამჭერებს ქუჩის აქციებისკენ, ჯიოევამ უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“.

„ჩვენ მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს და ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დაცვისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა მან, „არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს ჩვენი გამარჯვების მოპარვას“.

კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა ძალაუფლების გაყოფის თაობაზე აფხაზური სცენარის გამეორება, სადაც ბიბილოვი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ პრემიერ–მინისტრი გახდებოდა, ჯიოევამ უპასუხა: „აბსოლუტურად გამოვრიცხავ, სანამ ის ისე არ მოიქცევა, როგორც ოფიცერს შეშვენის, ანუ სანამ არ აღიარებს თავის დამარცხებას და ჩვენს დამაჯერებელ გამარჯვებას. თუ ის ამას გააკეთებს, ჩვენ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა“.

შვიდი წლის წინ სეპარატისტულ აფხაზეთში სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს ორ კანდიდატს  – სერგეი ბაღაფშს და რაულ ხაჯიმბას შორის მწვავე კონფრონტაცია მოყვა. ამ უკანასკნელს მაშინ, ბიბილოვის მსგავსად, მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს; კრიზისი ძალაუფლების გაყოფის თაობაზე შეთანხმებით დასრულდა. შედეგად, აწ გარდაცვლილი ბაღაფში პრეზიდენტი გახდა, ხაჯიმბა კი – ვიცე–პრეზიდენტი.

კითხვაზე, თუ როგორ დაამყარებს ის ურთიერთობებს რუსეთთან, ჯიოევამ უპასუხა: „გულწრფელად გეტყვით, ცოტათი ნაწყენი ვარ რუსეთზე. მე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვარ, როგორც სულისკვეთებით, ისე პასპორტით და რა თქმა უნდა, ძალიან მწყინს“. შემდეგ მან განაცხადა, რომ როგორც ჩანს, კოკოითთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი პირები არასწორ ინფორმაციას აწვდიან რუსეთის ხელმძღვანელობას.

ცხინვალში დაბადებული 62 წლის ალა ჯიოევა ადგილობრივ სკოლაში 20 წელიწადზე მეტი მასწავლებლად მუშაობდა; შემდეგ რამდენიმე წელი იმავე სკოლის დირექტორად იმუშავა, სანამ 2002 წელს სეპარატისტული რეგიონის განათლების მინისტრად დაინიშნებოდა. 2008 წელს იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი; 2010 წელს მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. ჯიოევამ უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

13 ნოემბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომლის დროსაც ჯიოევამ ხმების დაახლოებით 25% მოაგროვა, კოკოითმა განაცხადა, რომ „გამორიცხულია“, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერი ქალი გახდეს.

„ჩვენთან ქალებს არავინ არ აკნინებს. ჩვენს საზოგადოებაში ქალებს ძალიან კარგად ექცევიან, პატივისცემით, მაგრამ კავკასია მაინც კავკასიაა“, – განაცხადა კოკოითმა.

მან თავისი თანამდებობა შესაძლოა კიდევ ოთხი თვით შეინარჩუნოს, რადგანაც მეორე ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა განმეორებითი არჩევნების თარიღად 2012 წლის 25 მარტი დაასახელა

 

მსგავსი/Related

Back to top button