
თბილისი მიესალმება სარკოზის – ‘დიდი მეგობრის’ დაგეგმილ ვიზიტს
თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, საქართველოს „დიდი მეგობრისა და კეთილის მსურველის“ დაგეგმილი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო იმედოვნებს, რომ ეს სტუმრობა „ძალზედ დიდ წინსვლას და პროგრესს შეიტანს არამარტო ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის საქმეში, არამედ მნიშვნელოვანი იქნება რეგიონალური თვალსაზრისითაც“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 3 ოქტომბერს.
პრეზიდენტი სარკოზი საქართველოს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 7 ოქტომბერს ეწვევა და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
ჯალაღანიამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, განხილული იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "რეალიზაციის პრობლემატიკა“. ამ შეთანხმებას სწორედ სარკოზის შუამავლობით მოეწერა ხელი.
ზოგიერთმა ქართულმა მაუწყებელმა სატელევიზიო რგოლის გაშვება დაიწყო, სადაც საზოგადოებას 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდებე საფრანგეთის პრეზიდენტის საჯარო გამოსვლაზე დასასწრებად.
სარეკლამო რგოლში 2008 წლის აგვისტოში სარკოზის საქართველოში ვიზიტის ამსახველ საარქივო მასალას და ომის ფოტოებს ახლავს მამაკაცის ხმა, რომელიც აცხადებს: „ის ევროპის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერია. იგი საქართველოს მხარში დაუდგა ისტორიის ერთ–ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კვლავ საქართველოშია. მას დიდი სურვილი აქვს კიდევ ერთხელ დაუდასტუროს საქართველოს თავის მხარდაჭერა… ყველამ, ვინც იცის 2008 წლის აგვისტოში ნიკოლა სარკოზის ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ, ყველას ვისაც საქართველოს თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ხილვა სურს და უნდა მსოფლიოს კვლავ გააგებინოს მშვიდობიანი დეოკუპაციის მოთხოვნა, გელით თავისუფლების მოედანზე, იმისთვის, რომ ჩვენი ერის ხმა ვერავინ ჩაკლას და ხმამაღლა ისმოდეს მსოფლიოში. 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანი კვლავ მოექცევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში“.
პრეზიდენტი სარკოზი პირველად თბილისს 2008 წლის 12 აგვისტოს ესტუმრა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოსკოვში რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეათანხმა. იმ დროს საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო. თბილისში ჩამოსვლისას ქართულმა მხარემ სთხოვა მას შეერთებოდა პოლონეთის მაშინდელ პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის, ესტონეთის პრეზიდენტს თომას ჰენდრიკ ილვესს, ლიტვის მაშინდელ პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს, უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს და ლატვიის მაშინდელ პრემიერ–მინისტრს ივარს გოდმანისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა წინა დღეს დაგეგმა, რათა საზოგადოების მორალური მდგომარეობა აემაღლებინა რუსული აგრესიის ფონზე. რონალდ ასმუსი წერდა თავის წიგნში რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ ”პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” (A Little War That Shook the World), რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ უარი თქვა სააკაშვილის შემოთავაზებაზე, რომ პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის, რომლებიც აქციის წამყვანების მოწოდებით ინტენსიურად სკანდირებდნენ "სარკოზ, სარკოზ", სიტყვით მიემართა. ასმუსი წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაშინ უთხრა ქართველებს, რომ იგი იმისთვის კი არ ჩამოვიდა, რომ სიტყვით გამოვიდეს, არამედ იმისთვის, რომ ომი დაასრულოს.
პრეზიდენტი სარკოზი კვლავ ეწვია თბილისს 2008 წლის სექტემბერში მას შემდეგ, რაც ის მოსკოვს სტუმრობდა, სადაც იგი შეეცადა გაერკვია და დაეზუსტებინა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი. შედეგად მომზადებული იქნა 2008 წლის 8 სექტემბრის დამატებითი შეთანხმება.
საქართველო ხშირად ადანაშაულებს მოსკოვს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, განსაკუთრებით კი იმ პუნქტის შეუსრულებლობაში, რომლის თანახმადაც რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს; სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსეთი შეთანხმების ამ პუნქტს შეუსაბამოდ მიიჩნევს და ამის მოტივად ადგილზე არსებულ „ახალ რეალობას“ ასახელებს. რუსეთი აცხადებს, რომ 2010 წლის ოქტომბერში მისი საგუშაგოს სოფელ პერევიდან გაყვანით, მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „ვითომდა შეუსრულებლობის“ საკითხი "საბოლოოდ დაიხურა". ამ პოზიციას თბილისი „ცინიკურს“ უწოდებს.