Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისს სურს, რომ საქართველო ‘გრუზიას’ ნაცვლად ‘ჯორჯიად’ მოიხსენიონ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ გაითვალისწინა ოფიციალური თბილისის თხოვნა, რათა საქართველო მოიხსენიოს როგორც "ჯორჯია“ და არა როგორც "გრუზია“.

"ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მთელი რიგი, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერი მეგობარი სახელმწიფოები, ამას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ“, – განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კალანდაძემ, "თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს გარკვეულ ტექნიკურ თუ ფინანსურ საშუალებებთან არის დაკავშირებული“.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ოფიციალური წერილებით მიმართა იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ მოიხსენიებენ, როგორც "გრუზია“, რათა "შეცვლილ იქნას საქართველოს სახელწოდება და ოფიციალურად აღიარებული იქნას, ასე ვთქვათ, ინგლისური სახელწოდება „ჯორჯია“.

საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სულ ცოტა თხუთმეტ სახელმწიფოსთან მოუწევს, რომელთა სალაპარაკო ენებშიც საქართველო როგორც ”გრუზია” ან მასთან მიახლოებულად გამოითქმის. ესენია: ბულგარეთი; ბელარუსი; ლიტვა; ლატვია; ესტონეთი; პოლონეთი; ჩეხეთი; სლოვაკეთი; სლოვენია; სერბეთი; უნგრეთი; ჩინეთი; ხორვატია; მაკედონია; უკრაინა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button