Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პერსპექტივას ‘ოპტიმისტურად’ უყურებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 27 ოქტომბერს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში იზრდება და ამიტომ ის ინვესტიციების შემდგომ მატებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მან ეს განცხადება ტელეკომპანია Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა მაროკოს ქალაქ მარაკეშიდან, სადაც იგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010 წლის მეორე კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%–ით გაიზარდა და 196.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა 2010 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების ოდენობამ, "საქსტატის" მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 272.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.38%–ით ნაკლებია.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მარაკეშში, ფორუმის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა ინვესტორებთან კატარიდან, ქუვეითიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, რათა ამ ქვეყნებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს. მისი თქმით, საქართველომ ბოლო წლების მანძილზე არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების სახით "1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი“ მიიღო.

"საქსტატის" ინფორმაციით, 2003 წლიდან, როდესაც არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ინვესტიციები პირველად დაფიქსირდა, დღემდე ამ ქვეყნიდან საქართველოში მთლიანად 613.7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

ინვესტიციებმა არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ზრდა 2007 წელს დაიწყო და 2008 და 2009 წლებში იგი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი გახდა 306.5 მილიონი და 162.8 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად. ინვესტიციები ძირითადად რას ალ ხაიმას საამიროს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის, RAKIA–ს საშუალებით ხორციელდებოდა, რომელმაც 2008 წელს ფოთის პორტი შეისყიდა და საქართველოში რამოდენიმე დეველოპელური პროექტის განხორციელებაც დაიწყო. 2010 წლის პირველ ნახევარში არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოსულა, ხოლო 2010 წლის მეორე კვარტალში, "საქსტატის" ინფორმაციით, ამ ქვეყნიდან 12.6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

სააკაშვილმა ასევე განუცხადა Bloomberg-ს, რომ იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა "ორ წლის თავზე ორნიშნა მაჩვენებელს დაუბრუნდება“.

"საქსტატის" მიერ 21 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2010 წლის პირველ ნახევარში 6.6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით და ნომინალურ 9.201 მილიარდ ლარს მიაღწია.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button