ახალი ამბები

სამინისტრო გამოსახლებულ დევნილებს ‘მუდმივ დახმარებას’ პირდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ 31 აგვისტოს კვლავ განაცხადა, რომ იმ დევნილებისათვის, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში იძულებით გამოასახლეს თბილისში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან, ალტერნატიული საცხოვრებელი მხოლოდ სასოფლო დასახლებებშია შეთავაზებული.

სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფს, რომლებიც სამინისტროს შენობის წინ შიმშილობის აქციას მართავენ დედაქალაქში ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, განუცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მათ დაუკანონდებათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები სასოფლო დასახლებებში, ხელისუფლება მუდმივ დახმარებას გაუწევს მათ.

დევნილები სოფლებში დასახლების წინააღმდეგნი არიან დასაქმების ნაკლები პერსპექტივის გამო.

სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა გულუამ განაცხადა, რომ დევნილებს სხვადასხვა რაიონებში შესთავაზეს "რეაბილიტირებული“ ფართები, მათ შორის წალენჯიხაში, ხობში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, აბაშაში, ასევე კახეთის რეგიონის სოფელ ბაკურციხეში.

მისი თქმით, ამ ადგილებში ყველა საჭირო პირობებია შექმნილი.

“ეს ფართები იქნება მათი საკუთრება. ამას გარდა ჩვენ მათ გავუწევთ მუდმივ დახმარებას, ეს იქნება ჯანდაცვა თუ სხვა კუთხით. დევნილები ამბობენ, რომ ისინი ფოცხოზე წინააღმდეგები არიან. კი ბატონო, ფოცხოს გარდა არსებობს კიდევ შვიდი რაიონი, სადაც შეუძლიათ დღესვე დაგვთანხმდნენ და დღესვე დავეხმარებით ტრანსპორტირებაში,“– განაცხადა ეკა გულუამ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button