ახალი ამბები

კომერსანტი: თბილისს და კიშინიოვს ‘ანტირუსული’ სუამის გააქტიურება და მასში მინსკის ჩართვა სურთ

საქართველოსა და მოლდოვას პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს გაააქტიურონ რეგიონული ორგანიზაცია სუამი (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) და მასში ბელარუსიც ჩართონ, წერს რუსული გაზეთი „კომერსანტი“ 17 აგვისტოს.

მოლდოვას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის მიჰაი გიმპუს საქართველოში ორდღიან ვიზიტთან დაკავშირებულ სტატიაში სათაურით "სააკაშვილის ანტირუსულ ბლოკს ქმნის", გაზეთი წერს, რომ „ანტირუსულმა“ ლიდერებმა გადაწყვიტეს სუამს "ახალი სიცოცხლე შთაბერონ“ და ამით პოსტ–საბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკურ განლაგებაზე გავლენა მოახდინონ.

სუამის „წევრებს წუთითაც არ შეუჩერებიათ თანამეგობრობის განვითარების გზების ძიებაზე მუშაობა,“– განუცხადა "კომერსანტს“ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომლის ინფორმაციითაც სუამის ფორმატში მორიგი  შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ტრადიციულად ნიუ–იორკში სექტემბერში გაიმართება, ხოლო სამიტი "დიდი ალბათობით“ წლის ბოლომდე შედგება.

ბოლო პერიოდში სუამში მოლდოვას მონაწილეობა შესუსტებული იყო ყოფილი პრეზიდენტის ვლადიმერ ვორონინის კრიტიკული დამოკიდებულების გამო ორგანიზაციის მიმართ. მას სუამის უკანასკნელი მაღალი დონის სამიტში, რომელიც  2008 წლის ივლისში ბათუმში გაიმართა, მონაწილეობა არც კი მიუღია.

„კომერსანტი“ წერს, რომ გიმპუს საქართველოში ვიზიტი იყო გაცივებული ურთიერთობების შემდეგ თბილისისა და კიშინიოვის დაახლოების დემონსტრირება.

პრეზიდენტების განხილვის კიდევ ერთი მთავარი თემა სუამში ბელარუსის გაწევრიანების პერსპექტივა იყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ "ძალზედ დელიკატურ“ საკითხზე "კომერსანტთან" საუბრისგან  თავი შეიკავეს.

“ცხადია, რომ მიჰაი გიმპუ და მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევენ უკრაინას [პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მოსკოვთან სიახლოვის გამო] სუამის "სუსტ რგოლად“. და ამიტომაც არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი, რომ შეეცადონ იგი რუსეთთან კონფლიქტში მყოფი ბელარუსით ჩაანაცვლონ,“– წერს "კომერსანტი“.

16 აგვისტოს მიჰაი გიმპუ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში დამსვენებელ ქართველ, მოლდაველ და ბელარუს ახალგაზრდებს ამ სამი ქვეყნის ურთიერთობებსა და თავისუფლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. "გაუმარჯოს ბელარუსს, მოლდოვას და საქართველოს,“– მიმართა მან ახალგაზრდებს.

ამავე შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოსტ საბჭოთა ქვეყნებთან ძველი, მეგობრული კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“კომერსანტი“ წერს, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ასევე ელოდებიან ანაკლიის ბანაკში.

თავად ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან საქართველოში  მიწვევა ქართველი კოლეგისაგან ივლისში, ყირიმში გამართული შეხვედრის დროს მიიღო. ბელარუსის პრეზიდენტმა ამ შეხვედრის კომენტირებისას, ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ საქართველოსთან კოალიციას ვინმეს წინააღმდეგ არ ვქმნით“.

ყირიმის შეხვედრის შემდეგ, 15 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე პოსტ–საბჭოთა ქვეყნების მიერ რეგიონული თანამშრომლობის "ერთიანი პლატფორმის“ შექმნის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, დაეხმარება ამ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციაში, არამედ რუსეთის "ზეწოლასა და შანტაჟთან“ გამკლავებაში.

სააკაშვილის თქმით, როგორც დაახლოებით 60 წლის წინ ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ შექმნა ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანება, რომელიც შემდგომ გადაიზარდა ევროკავშირში, “აღმოსავლეთის პარტნიორობა –  ეს არის საშუალება პოილიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის, რომელიც აუცილებლად წავა ევროკავშირთან დაახლოებისკენ“.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა მოიცავს  – საქართველოს, აზერბაიჯანს, მოლდოვას და უკრაინას – სუამში გაერთიანებულ ქვეყნებს და ასევე ბელარუსს და სომხეთს. საქართველოს გარდა, ყველა ეს ქვეყანა დსთ–ს წევრია.

სააკაშვილის თქმით, დსთ, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა, "პრაქტიკულად დემორალიზებულია და აღარ მუშაობს“.

სუამი 1997 წელს საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ  აშშ-ს მხარდაჭერით შექმნეს და იგი დსთ-ს ალტერნატივად მიიჩნეოდა. უზბეკეთი კოალიციას ოფიციალურად 1999 წელს შეუერთდა და ორგანიზაციას სუუამი დაერქვა. თუმცა, 2002 წელს უზბეკეთმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის დატოვებას გეგმავდა და სუუამიდან გამოსვლის გადაწყვეტილება სისრულეში 2005 წლის 5 მაისს მოიყვანა.

მსგავსი/Related

Back to top button