skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი დიდი რვიანის დღის წესრიგში ‘გაყინული კონფლიქტების’ შეტანისგან თავს იკავებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა 29 ივნისს მოსკოვში დაგეგმილი დიდი რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებისა და რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებთან მიმართებაში განაცხადა, რომ მოსკოვს არ აქვს “აკრძალული თემები“, თუმცა “რვიანის“ დღის წესრიგის გადატვირთულობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მისი “სპეციპიკური კონფლიქტური თემატიკით” კიდევ უფრო დამძიმება მოხდეს.


“ამასთან, უფრო მისაღებად გვეჩვენება “რვიანის“ დღის წესრიგი შემოიფარგლოს იმ საკითხებით, სადაც შესაძლებელია თანხმობის მიღწევა და სადაც ამ ფორუმს რეალური ზემოქმედების მოხდენა შეუძლია და არა პარალელური მოლაპარაკებათა ფორმატების შექმნა, მითუმეტეს ასეთ მაღალ დონეზე“, – აცხადებს კამინინი “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.


მისი თქმით, რუსული მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების არსებული მოლაპარაკებათა მექანიზმების ჩარჩოებში გადაწყვეტას.


“უფრო მეტიც, ისეთი მგრძნობიარე და დელიკატური საკითხების განხილვა, როგორიცაა პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტები უშუალოდ მათში ჩართული მხარეების მონაწილეობის გარეშე, არაპროდუქტიული იქნება “,  – აცხადებს კამინინი.


“ინტერფაქსის“ კითხვაზე ხომ არ დააყენებს “რვიანის“ შეხვედრაზე რუსეთი კოსოვოს საკითხს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებთან ერთ კონტექსტში, კამინინმა განაცხადა, რომ კოსოვოს საკითხი “რვიანის“ შეხვედრაზე აუცილებლად იქნება განხილული და “ეს გახდება პრეცედენტი, მათ შორის დსთ–ს ტერიტორიაზე არსებული თქვენს მიერ ნახსენები “გაყინული“ კონფლიქტების მოგვარების გზების ძიებისას“.


“ამ პრობლემატიკის განხილვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ, რომ კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტა უნივერსალურობის პრინციპით მოხდეს… კოსოვოს შემთხვევის “უნიკალურობის“ და მისი არაპრეცედენტულობის შესახებ საუბრები
მსოფლიო თანამეგობრობაში უნდობლობას იწვევს… სიტუაცია აქ გარკვეულია: ჩვენ კი არ ვქმნით პრეცედენტებს სხვა “გაყინული“ კონფლიქტებისათვის, არამედ ისინი, ვინც კოსოვოს დამოუკიდებლობისაკენ ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის“, – განაცხადა მიხეილ კამინინმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button