ნოღაიდელს პარლამენტის თავმჯდომარესთან ‘ძალიან რთული’ საუბარი ჰქონდა
დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნითა და პრეზიდენტის დავალებით პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პარლამენტში თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა, სადაც მოისმინა პარლამენტის “რადიკალური“ პოზიცია სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შეხვედრიდან გამოსულმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ იგი საბოლოო გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის და პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
“ძალიან რთული საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან… პარლამენტის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან რადიკალურად არიან განწყობილები, ისინი მოითხოვენ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას, შესაბამისად მე დღეს მექნება საუბარი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, მოგვიანებით მექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან და ალბათ შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ნოღაიდელმა 19 ოქტომბერს, რომელმაც დღეიდან აშშ–ი დაგეგმილი ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტი ერთი დღით საგანგებოდ გადადო.
პრემიერ–მინისტრმა აქვე დასძინა, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან გამოთქმულია კონკრეტული შენიშვნები და პრეტენზიები, რომელიც ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას.
კანონის თანახმად, თუ პრემიერ-მინისტრი არ დააკმაყოფილებს საპარლამენტო კომიტეტების მოთხოვნას, საკითხი შესაძლოა განხილულ იქნას პარლამენტის სხდომაზე და კანონომდებლებმა შესაძლოა ისევ მოსთხოვონ პრემიერ-მინისტრს საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. თუ პრემიერ-მინისტრი კვლავ არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, პარლამენტი თავად გამოუცხადებს მინისტრს უნდობლობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)