skip to content
ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ინიცირებულია


საქართველოს კონსტიტუცია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს პარლამენტში 1 მაისს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდა, რომლის მიხედვითაც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები უქმდება, ხოლო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო პროპორციული სისტემით აირჩევა.

დეპუტატები 3 მაისს კენჭს უყრიან ცხრაწევრიანი საორგანიზაციო კომისიის შექმნას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების შემოთავაზებულ პროექტზე ერთთვიან საჯარო განხილვას უხელმძღვანელებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამავდროულად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ცვლილებების პროექტი უკვე გაეგზავნა ვენეციის კომისიას, რომელიც წინასწარ დასკვნას ივნისამდე, საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე, ხოლო საბოლოო დასკვნას 15 ივნისს გამოაქვეყნებს.

საქართველოს პრეზიდენტი

პროექტის თანახმად, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება და მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში იქნება 150 დეპუტატი, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. ცვლილებების პროექტის თანახმად, „სხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები“.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება არა ნაკლებ 30 ხმოსანს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. 

თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

პრეზიდენტი პარლამენტში წინასწარი დებატების გამართვის გარეშე  აირჩევა და ის თავის უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით შეასრულებს. ერთი და იგივე პირს მხოლოდ ორი ვადით კენჭიისყრა შეეძლება.

პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, ნაცვლად მანამდე არსებული 35 წლის ასაკისა, რომელსაც საქართველოში სულ მცირე 15 წელი უცხოვრია. თუმცა, ცვლილებების პროექტი აღარ შეიცავს მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ კანდიდატი არჩევნებამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.

საქართველოს პრეზიდენტი რჩება საქართველოს მეთაურად, უმაღლეს მთავარსარდლად და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში; თუმცა, მას აღარ ევალება, რომ „კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება“. პრეზიდენტი კარგავს უფლებას, რომ  მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში.

ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც „სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის“ იქმნება და რომელსაც, მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, აღარ იარსებებს.

სანაცვლოდ, კონსტიტუციის პროექტით, იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციას განახორციელებს. 

ეროვნული თავდაცვის საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს სამხედრო ძალების მეთაური.

საარჩევნო სისტემა

დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა, ნაცვლად ამჟამად არსებული შერეული სისტემისა, როცა 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო დანარჩენი 73 მაჟორიტარი, ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა.

ახალი კონსტიტუცია კრძალავს ბლოკების ჩამოყალიბებას არჩევნების წინ იმ ფონზე, როდესაც უცვლელი რჩება 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მთლიანად გამარჯვებული პარტია მიიღებს.

პროექტის მიხედვით, არსებული 21 წლიდან 25 წლამდე იზრდება დეპუტატობის კანდიდატის ასაკი.

ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

პროექტის თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

სხვა დებულებები

კონსტიტუციის პროექტით, გარდამავალი დებულებების 78-ე მუხლის თანახმად, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

კონსტიტუციის პროექტი აღარ შეიცავს პუნქტს ქუთაისში პარლამენტის მდებარეობის თაობაზე.

პროექტის თანახმად, „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება“.

ცვლილებების პროექტი ასევე მოიცავს ქორწინების განსაზღვრებას, რომლის თანახმადაც ქორწინება არის „ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით“.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, პროკურატურა აღარ დაექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს, ის დამოუკიდებელი ორგანო გახდება და პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ამ ორგანოს პარლამენტის მიერ ექვსი წლის ვადით არჩეული მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს.

პროექტი ასევე განმარტავს, რომ ომბუდსმენად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

კონსტიტუციის პროექტით, სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button