ახალი ამბები

მედიის განვითარების ფონდმა ანტი-დასავლური პროპაგანდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


ანტი-დასავლური პროპაგანდის შესახებ ანგარიში მედიის განვითარების ფონდმა 18 აპრილს გამოაქვეყნა.

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 18 აპრილს ანტი-დასავლური პროპაგანდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ქართული მედია საშუალებების მონიტორინგს ეფუძნება და 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში მიმოხილულია „ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ“.

ანტი-დასავლური პროპაგანდის წინა ანგარიში 2014 წლის 17 თებერვლიდან 2015 წლის 18 თებერვლამდე პერიოდს მოიცავდა.

მონიტორინგის სუბიექტები იყვნენ რვა მაუწყებელი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, ტაბულა, GDS, ობიექტივი, კავკასია; შვიდი ონლაინ გამოცემა: საქინფორმი, ნეტგაზეთი, მარშალპრესი, ინტერპრესნიუსი, საქართველო და მსოფლიო, PIA, კვირის პალიტრა; და ოთხი გაზეთი: რეზონანსი, პრაიმ ტაიმი, ასავალ-დასავალი, ალია. 

გარდა ამისა, მედიის განვითარების ფონდის ანგარიში ასევე მიმოიხილავს სოციალურ მედიაში დასავლეთის შესახებ შემთხვევით შერჩეულ დეზინფორმაციულ მასალას.

წყაროები

MDF-ის ანგარიში ანტი-დასავლური ნარატივის ხელშემწყობ მედია საშუალებებს ორ ჯგუფად ჰყოფს: ღიად კრემლისტური გამოცემები და მეორე მხრივ, ანტი-ლიბერალური, ეთნონაციონალისტური პლატფორმები. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ჯგუფების გზავნილები „ძირითადად იდენტურია და თვისობრივად მათ ერთმანეთისგან კრემლის პოლიტიკის ღია მხარდაჭერა განასხვავებს“.

ანგარიშის თანახმად, მთავარი წყაროები, რომლებიც საქართველოში ანტი-დასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ, არიან: ტელეკომპანია ობიექტივი, გაზეთი ასავალ-დასავალი, ონლაინ გამოცემები – საქართველო და მსოფლიო და საქინფორმი, ასევე ალია ჰოლდინგში შემავალი გაზეთები – ალია და კვირის ქრონიკა. ანტი-დასავლური განცხადებების შედარებით მცირე რაოდენობა შემდეგ მედია საშუალებებში გამოვლინდა: ტელეკომპანია კავკასია, გაზეთი კვირის პალიტრა, ტელეკომპანია მაესტრო და ონლაინ საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი.

იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც ანგარიშის თანახმად, ანტი-დასავლური პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილეობდნენ, არიან პატრიოტთა ალიანსი (რომელიც საქართველოს პარლამენტში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შევიდა), ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო და შედარებით მცირე პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის, ქართული დასი, ეროვნულები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის, სოციალისტური საქართველო, ჩვენი სამშობლო, ცენტრისტები, თეთრები, მემარცხენე ალიანსი, ტრადიციონალისტები, ეროვნული ფორუმი და თავისუფალი საქართველო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „კოალიცია „ქართული ოცნების“ გარკვეული წარმომადგენლები 2016 წლის განმავლობაში ოფიციალურად გაცხადებულ პროდასავლურ კურსთან წინააღმდეგობრივ გზავნილებს აკეთებდნენ, რაც კოალიციის ეკლექტურობით აიხსნებოდა. 2016 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნების წინ ორმა პოლიტიკოსმა (გოგი თოფაძე, თამაზ მეჭიაური), რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ანტიდასავლური განცხადებებით, კოალიცია დატოვა, თუმცა როგორც აღინიშნა, გოგი თოფაძის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, არჩევნების შემდეგ კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში აღმოჩნდა“.

ანგარიშის თანახმად, „არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ანტიდასავლური გზავნილებით, 2012 წლის შემდეგ არის დარეგისტრირებული, მათგან 2 („ევრაზიული ინსტიტუტი“ და „გლობალური კვლევების ცენტრი“) პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია „საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობასთან“, ასევე „ლევ გუმილევის ცენტრთან“. სხვა ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ასევე იყვნენ ჩართული პროპაგანდაში, იყვნენ უფლებადამცველთა გაერთიანება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და „სტალინი“.  ზოგიერთი სასულიერო პირიც ხშირად აჟღერებდა ანტი-დასავლურ გზავნილებს.

მთავარი გზავნილები

მონიტორინგის ფარგლებში სულ 1 258 ანტი-დასავლური გზავნილი გაანალიზდა, მათგან 32,7% იდენტობის, ადამიანის უფლებათა და ღირებულებების საკითხებს ეხებოდა, ხოლო 20,1% და 20% ნატოს და ზოგადად დასავლეთს ეხებოდა; შემდეგ მოდის ანტი-ამერიკული გზავნილები 13,5%-ით და გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ 8,9%-ით.

ანტი-დასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ნარატივი ქართული იდენტობის წინაშე არსებული სავარაუდო საფრთხეა.  ანგარიშის თანახმად, „დომინირებდა მოსაზრება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, ინცესტს, პედოფილიას, ზოოფილიას, გარყვნილი ცხოვრების წესს, ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას, ოჯახის ინსტიტუტს“.

ანგარიში წინა წელთან შედარებით ნატოს საწინააღმდეგო გზავნილების ზრდაზეც მიუთითებს, მათ შორის ისეთებზე, რომლის თანახმადაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსისკენ ქვეყნის მისწრაფება უტოპიაა, ნატო წარმოდგენილი იყო, როგორც საფრთხე, მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას გამოიწვევდა.

ამერიკის შეერთებული შტატები „ძალადობის, კონფლიქტების, ფერადი რევოლუციების და გადატრიალებების ინსპირატორად“, ასევე ტერორიზმის წამახალისებლად იყო წარმოჩენილი.

ევროკავშირი და ასოცირების შეთანხმება „მიგრანტების მიღების ვალდებულებასთან და ტერორიზმის საფრთხესთან იყო გაიგივებული, ვიზალიბერალიზაცია და ევროინტეგრაცია დემოგრაფიულ საფრთხესთან იყო დაკავშირებული“.  მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველო ევროკავშირთან ვერც ვიზალიბერალიზაციას მიაღწევს, ვერც გაწევრიანებას, რადგან „ევროკავშირი თავად დაიშლება“. იმავდროულად,  საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა წარმოდგენილი იყო არა როგორც „კოლექტიურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი, არამედ როგორც სხვისთვის გაღებული ხარკი“. 

პროპაგანდისტულ გზავნილებში რუსეთის ფედერაცია ერთმორწმუნე ქვეყნადაა წარმოჩენილი, როგორც დასავლეთის საპირწონე; ასევე გამართლებულია სირიაში რუსეთის ქმედებები.

საქართველოს უცხოელი პარტნიორების გარდა, პროპაგანდისტული ნარატივი ქართული არასამთავრობო ორგანიზების წინააღმდეგაცაა მიმართული, სადაც დომინირებდა მოსაზრება, რომ „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ფულზე ყიდიან და სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ“.

„ხდებოდა მოწოდებები უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აკრძალვის თაობაზე, რა დროსაც რუსეთს სამაგალითოდ მიიჩნევდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში. 

მეთოდოლოგია

MDF აღნიშნავს, რომ პროპაგანდის გავრცელებაში ჩართული მედია საშუალებები უმეტეს შემთხვევაში თავს არიდებდნენ მათი დეზინფორმაციის წყაროების მითითებას. „გზავნილის მიმღები ინფორმაციას პირდაპირ იმ მედიუმისგან მიღებულად აღიქვამს, სადაც ეცნობა გზავნილს და არ აკავშირებს მას თავდაპირველ წყაროსთან“, – ნათქვამია ანგარიშში. უმეტეს შემთხვევაში ქართული მედია არ ახდენს რუსულენოვანი პირველწყაროების იდენტიფიცირებას, აცხადებს მედიის გავნითარების ფონდი.

ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ქართულენოვანი მედიის მიერ გამოყენებული პროპაგანდის მეთოდები, მათ შორის, დეზინფორმაცია (ფეიქ ნიუსი), კონსპირაცია, დემონიზება, საბჭოთა მითები, სატირისტულ-იუმორისტული პუბლიკაციების რეალურ ინფორმაციად გაშუქება, შეცდომაში შემყვანი სათაურები, ფოტო და ვიდეომანიპულაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button